მოსახლეობის უმრავლესობას, 65 პროცენტს, ფინანსური რესურსები საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთებისათვის ერთი თვეც არ ეყოფა. ეს შედეგები ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევაში გამოიკვეთა.

კვლევის მიხედვით, იგივე მიზნებისთვის ფინანსური რესურსები ერთიდან სამ თვემდე ეყოფა მოსახლეობის 24 პროცენტს, სამიდან ექვს თვემდე — 6 პროცენტს, ექვს თვეზე მეტხანს კი — 5 პროცენტს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37 პროცენტს ძალიან ეშინია, რომ ახლო მომავალში აღარ ექნება თანხა საკვები პროდუქტებისა და საოჯახო ნივთების შესაძენად. 44 პროცენტის თქმით, ამის ოდნავ ეშინია. 19 პროცენტი კი ამბობს, რომ არ ეშინიათ.

გამოკითხულთა უმეტესობა, 82 პროცენტი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკვები და პირველადი დახმარების ნივთები ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ფასი ჰქონდა მომატებული. 7 პროცენტი ამბობს, რომ იგივე ღირდა, რაც პანდემიამდე. 8 პროცენტი ამბობს, რომ არ იყო ხელმისაწვდომი, 3 პროცეტს კი არ უცდია ყიდვა.

კვლევა Edison Research-მა 23 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. კვლევისთვის პირისპირი გამოკითხვის გზით, ხმის უფლების მქონე 2101 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შესაძლო ცდომილების ფარგლებია 2.1%-ია.