ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ წიგნის პირველი მოთამაშე, მოემზადე! ავტორი, ერნესტ კლაინი, ოაზისში გვაბრუნებს. მეორე მოთამაშე, მოემზადე! ჩრდილოეთ ამერიკაში 24 ნოემბერს გამოჩნდება წიგნის მაღაზიების თაროებზე.

პირველი მოთამაშე, მოემზადე! 2011 წელს გამოიცა და საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის სტატუსიც მალევე მოიპოვა. იგი 100 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაში. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი ნაწარმოები 37 ენაზე ითარგმნა და 58 ქვეყანაში გამოიცა. მის მიხედვით კი სტივენ სპილბერგმა ფილმიც გადაიღო.

მეორე მოთამაშე, მოემზადე! უკვე ხელმისაწვდომია წინასწარ შეკვეთისთვის, თუმცა ნავარაუდევია, რომ რაოდენობა განსაზღვრულ რიცხვს გადააჭარბებს.

წიგნის "მეორე მოთამაშე, მოემზადე!" ინგლისურენოვანი გამოცემის ყდა.

წიგნის "მეორე მოთამაშე, მოემზადე!" ინგლისურენოვანი გამოცემის ყდა.

ფოტო: Penguin Random House

1980-იანი წლების პოპ-კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით სავსე პირველმა წიგნმა ამ პერიოდის ესთეტიკა გააცოცხლა ისეთ ცნობილ პროექტებთან ერთად, როგორიც უცნაური ამბები და სტივენ კინგის რომანის, ს, ეკრანიზაციაა. ნაწარმოებში მოქმედება 2045 წელს ხდება, იმ დროს, როცა მსოფლიო კლიმატის ცვლილებით, გადაჭარბებული მოსახლეობითა და სიღარიბით გამოწვეული პრობლემებითაა მოცული. კაცობრიობის უმეტესობა ნუგეშს ონლაინ ვირტუალურ რეალობაში, ოაზისში, ეძებს, რომელიც 1980-იანი წლებით შეპყრობილი გენიოსის, ჯეიმზ ჰოლიდეის, მიერაა შექმნილი. სიუჟეტი მოზარდი უეიდ უოტსის შესახებაა, რომელიც ჰოლიდეის გარდაცვალების შემდეგ ცდილობს, ოაზისის საბოლოო ამოცანა, ანორაკის თამაში, ამოხსნას და პრიზად დაწესებული 500 მილიარდი დოლარი და ოაზისის მმართველობა მიიღოს.

წიგნის ქართული გამოცემის ყდა

წიგნის ქართული გამოცემის ყდა

ფოტო: პალიტრა L

წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი 2018 წელს გამოვიდა. სცენარი თავად კლაინს და ზაკ პენს ეკუთვნით. მსოფლიო გაყიდვებით მან 582,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და სპილბერგის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა 2008 წლის ინდიანა ჯოუნსისა და ბროლის თავის ქალის სამეფოს შემდეგ. კინონამუშევარში მთავარ როლებს ტაი შერიდენი და ოლივია ქუკი ასრულებენ.

კლაინი, რომელიც ასევე ცნობილია 2015 წელს გამოცემული წიგნით არმადა, სადებიუტო წიგნის გაგრძელებაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ამბობდა, წერისას გარკვეული სირთულე ის იყო, რომ იგი მისი წინამორბედის ჭეშმარიტი გაგრძელება უფრო იყო, ვიდრე სპილბერგის ეკრანიზაციის.

წიგნის პირველი მოთამაშე, მოემზადე! ქართული თარგმანი გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა 2016 წელს "ლიბერთინსის" ფარგლებში.