პოლიტიკური პარტია რეფორმერი კანონში ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ" ცვლილებებს ეხმაურება. როგორც პარტია რეფორმერის წევრი მაია კუკავა აცხადებს, კანონი დეტალურ ანალიზსა და დაზუსტებას საჭიროებს, რომ თავიდან ავიცილოთ მისი შესაძლო უარყოფითი გავლენები, როგორც ბიზნესზე, აგრეთვე მომხმარებელზე.

მაია კუკავას განცხადებით, ის ძირითადი პრინციპები, რაზედაც დგას ანდიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეფექტურად მუშაობს, ქართულ რეალობაში, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს ეფექტური:

"ამ კანონის აღმასრულებელმა საჯარო სტრუქტურამ- კონკურენციის სააგენტომ, ჯერ უნდა მოიკვლიოს კონკრეტულ პროდუქტზე დემპინგური ფასი, რომ საფუძველი შეიქმნას კანონის აღსრულებისთვის. როდის შეუძლია ამის გაკეთება სააგენტოს? ამისთვის წინაპირობაა, რომ კონკრეტული ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების 50 % უნდა მიმართოს სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნით".

პროდუქტზე დემპინგური ფასით ოპერირების ფაქტის დადგენას შესაძლოა დასჭირდეს საშუალოდ 6-12 თვე, ხოლო როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, შეიძლება, გაცილებით მეტხანს გაგრძელდეს. ამ პროცედურას ამდენი დრო იმიტომ სჭირდება, რომ მოკვლევა არ წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, თუ კონკრეტულ პროდუქტზე ფასის დემპინგურობას დაადასტურებს სააგენტო, იგი მიმართავს მთავრობას სპეციალური ანტიდემპინგური ფასის შემოღების მიზნით.

მთელ ამ პროცესში რამდენიმე საკითხია განსაკუთრებით საყურადღებო. თუ კონკურენციის სააგენტოს არ/ვერ მიმართავს კონკრეტული ინდუსტრიის 50%, მაშინ სააგენტო უბრალოდ ვერაფერს აკეთებს. ყველა ვაკვირდებით, რომ ეკონომიკის მთელ რიგ სფეროებში მხოლოდ 3-5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, ბიზნესის კარტელური ხასიათი შეინიშნება და, ცხადია, რომ ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს არ გაუჭირდებათ სააგენტოსთვის მიმართვა. მიმართავენ კიდეც, თუმცა შედეგად შეიძლება მივიღოთ, რომ პირიქით, ეს ადგილობრივი კარტელები ჩადგნენ მომგებიან პოზიციაში, დაიკმაყოფილონ საკუთარი ბიზნეს ინტერესები და უცხოური ინვესტიციების და/ ან ტრანსნაციონალური კორპორაციების შემოსვლას პირდაპირ თუ ირიბად შეუშალონ ხელი - უცხოელებისთვის უბრალოდ აზრს მოკლებული შეიძლება გახდეს სასათბურე პირობებში მყოფი კარტელებისთვის კონკურენციის გაწევა. იგივეს ვერ ვიტყვით სხვა, დივერსიფიცირებულ ინდუსტრიებზე, სადაც უამრავი საშუალო და მცირე კომპანია შეიძლება ოპერირებდეს და მართლაც განიცდიდეს დემპინგის ცუდ გავლენას, პირობითად თურქული ან ჩინური კომპანიების პროდუქციის დაბალი ფასის გამო, თუმცა ასეთ დივერსიფიცირებულ ინდუსტრიას მართლაც გაუჭირდება მობილიზდეს, შეთანხმდეს და ინდუსტრიის 50% მიმართოს სააგენტოს.

რას აკეთებს სააგენტო, თუ არავინ მიმართა? ცალკეული პროდუქტების დემპინგური ზღვარი კანონშივე იქნება გაწერილი. ფასები სტატიკური ვერ იქნება, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც იმპორტი ორჯერ და რიგ შემთხვევებში მეტჯერაც ჭარბობს ექსპორტს, ეროვნული ვალუტა მოწყვლადია უცხოურ ვალუტებთნ მიმართებაში და წარმოება, როგორც ეკონომიკის დარგი ფაქტობრივად არ არსებობს.

ანტიდემპინგური კანონი არსებითად სავაჭრო თავდაცვის მექანიზმია და, დიახ, შესაძლოა, დადებითადაც აისახოს ლოკალურ ბიზნესზე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული აქტივობების ობიექტზე. თუმცა ამ კანონს, ისევე, როგორც ყველა სხვა კანონს, ყავს კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი ობიექტი - მოქალაქე, მომხმარებელი, რომელიც მოიხმარს ყველა იმ პროდუქციას, რომელზეც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გავრცელდეს ანტიდემპინგური კანონმდებლობა. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი თუ უკმაყოფილო რჩება, ვერც ერთი კანონი შეფასდება ეფექტიანად".

რეფორმერის წევრი მაია კუკავა რისკებთან დაკავშირებით აცხადებს:

"კონკრეტულ პროდუქციაზე ანტიდემპინგური რეგულაციების ამუშავებამ შესაძლოა შეამციროს იმპორტის მოცულობა და/ან გაზარდოს იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება. ამავდროულად, ცხადია, ღირებულება გაიზრდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტზეც, რადგან ანტიდემპინგური რეგულაციების ქვეშ მყოფი იმპორტიორი ვეღარ შეძლებს მომხმარებლისთვის პროდუქციის იმავე„იაფი“ფასით შეთავაზებას, როგორც ის ამას რეგულაციებამდე აკეთებდა.

ანტიდემპინგური კანონმდებლობა ბევრ წარმატებულ ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ, ცხადია, მათი პირდაპირ გადმოღება არ ივარგებს და ყოველთვის საჭიროა ყველა მოდელის ადაპტაცია ადგილობრივ სპეციფიკასთან. მაგალითისთვის ევროკავშირში იმავე ტიპის კანონმდებლობა აღმასრულებლისთვის მიმართვას შესაძლებლად მიიჩნევს კონკრეტული ინდუსტრიის 25% წარმომადგენლების თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, დემპინგური ფასის დამადასტურებელი წინასწარი ფაქტობრივი მასალებისა და არგუმენტების წარდგენის ვალდებულება მიმართვის ავტორს ეკისრება. თავისუფალი ბაზრის სტანდარტული და ცოტა მოძველებული გაგებით თუ შევხედავთ, შესაძლოა აქაც დავინახოთ ბარიერები, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ისე იმპორტიორებისთვის.

ამდენად გამოსავალი და ყველასთვის მისაღები და სასურველი კანონმდებლობის შექმნის საიდუმლო დეტალებშია. დეტალების გარკვევა კი პრობლემების იდენტიფიცირებით იწყება, შემდეგ კი მათი გადასაჭრელი გზების შემუშავებით გრძელდება. და ეს კანონის მიღებამდეა გასაკეთებელი და არა შემდეგ".