მეცნიერებმა პაწაწინა უსადენო კამერები შექმნეს, რომლებიც მწერის ზურგზე მაგრდება და მომხმარებელს სამყაროს მისი პერსპექტივით დანახვის საშუალებას აძლევს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ტექნოლოგია მინიატურული კამერების პოტენციალის შესამოწმებლად შექმნეს. მოწყობილობა სულ რაღაც 250 მილიგრამს იწონის — დაახლოებით ბანქოს ერთი ბარათის წონის მეათედს.

კამერა მექანიკურ კიდურზეა მოთავსებული, რომელსაც 60 გრადუსით გადახრა შეუძლია, რაც მაყურებელს მაღალი გარჩევადობის პანორამული ფოტოების გადაღების ან მოძრავ ობიექტზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. ასევე, კამერა ყველაფრის ჩანაწერს აკეთებს, რასაც მწერი უყურებს და მას მომავალში, შესაძლოა, პატარა რობოტებისთვის თვალების ფუნქციაც კი ჰქონდეს.

"ჩვენ მსუბუქი, უკაბელო კამერის სისტემა შევქმენით, რომელსაც მწერის ცხოვრების აღბეჭდვა პირველ პირში შეუძლია. ხედვა კომუნიკაციისთვისა და ნავიგაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მსგავს პატარა მასშტაბებზე მუშაობა გამოწვევებითაა სავსე", — განაცხადა ტექნოლოგიის შემქმნელმა, შიამ გოლაკოტამ.

ფოტო: University of Washington

კამერა და კიდური სმარტფონიდან, ბლუთუზის მეშვეობით კონტროლირდება. სმარტფონსა და მოწყობილობას შორის დაშორება მაქსიმუმ 120 მეტრი შეიძლება იყოს. ამჟამად იგი ელემენტებს საჭიროებს, მაგრამ მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მოწყობილობის ისეთ ვერსიას შექმნიან, რომელიც ენერგიის სხვა ფორმას იყენებს.

"უამრავი კითხვა არსებობს, რაზეც პასუხის გაცემა შეგვეძლება, მაგალითად, რა რეაქცი ააქვს ხოჭოს გარემოში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც მასზე ახდენს გავლენას", — აცხადებენ მკვლევრები.

მსგავსი ინოვაციური კამერების შექმნა, რომელიც მწერების ხედვის იმიტაციას შეძლებდა, აქამდეც უცდიათ. მაგალითად, 2013 წელს ისეთი კამერა შეიქმნა, რომელიც მწერების თვალების იმიტაციას ახდენდა — განსაკუთრებით, ჭიანჭველებისა და ხოჭოების.

კვლევა 15 ივლისს ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.