აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სამსახურიდან გაათავისუფლა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სხვადასხვა გამოცემა წერს, რომ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა მამედიაროვი გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ მინისტრი სამუშაო ადგილას არ იმყოფებოდა. მან პრემიერმინისტრსაც ჰკითხა, სად იყო მამედიაროვი და შემდეგ მინისტრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ კონფლიქტის დაწყებამდე სომხეთთან კორონავირუსის დაძლევის საკითხებს განიხილავდა.

გამოცემა Turan-ის ინფორმაციით, მამედიაროვის შემცვლელად ალიევმა ჯეიხუნ ბაირამოვი დანიშნა.

12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტოვუზის რაიონში სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. უცნობია, რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი პირველად, რადგან სროლის პროვოცირებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს.

ბოლო მონაცემებით, საზღვარზე დაპირისპირება გრძელდება. საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, მოწინააღდეგეები ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობენ. დაღუპულია რამდენიმე ათეული სამხედრო.