2016 წელი დასასრულს უახლოვდება და ყველა ვცდილობთ, დასკვნები გამოვიტანოთ. გავიხსენოთ, რა მოხდა წელს, მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს და საბოლოოდ წარმატებული იყო გასული თვეები თუ - წარუმატებელი.

წლის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებაში სოციალური ქსელებიც გვეხმარება. რამდენიმე დღეა, ფეისბუქმა სპეციალური გვერდი შექმნა, სადაც თქვენი 2016 წლის მიმოხილვას ნახავთ ვიდეოს სახით. ვიდეო შეგიძლიათ მეგობრებს გაუზიაროთ ან თქვენთვის დაიტოვოთ.

აქვე ნახავთ, რამდენი პოსტი დაალაიქეთ თუ დაგულეთ, რამდენ ახალ ადამიანს დაუმეგობრდით, რამდენ ადგილას იყავით და ძირითადად რა ხდებოდა თქვენს ვირტუალურ სამყაროში.

შეგიძლიათ ინსტაგრამის პირადი პროფილის მნიშვნელოვან მოვლენებსაც გადახედოთ. ვებგვერდი 2016bestnine.com ინსტაგრამის იუზერნეიმის შეყვანით თქვენს 9 ყველაზე პოპულარულ ფოტოს ერთ სურათში მოაქცევს. ნახავთ, საერთო ჯამში რამდენი გული დაიმსახურეთ ფოლოვერებისგან და შედეგის გაზიარებასაც შეძლებთ.

იმედია, ეს სტატისტიკა დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ ან, მინიმუმ, გაგართობთ.