თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში გავიდა. როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო გამოცემა წერს, ამჯერად ბერდიმუჰამედოვი ტბაზე სათევზაოდ წავიდა, სადაც გაზეთებიც წაიკითხა.

გამოცემა არ აღნიშნავს, რომელ ტბაზე ითევზავა პრეზიდენტმა. თევზაობის შემდეგ მან ჟურნალები და გაზეთები გადაიკითხა, ასევე, ბუნება მოათვალიერა.

დამოუკიდებელი გამოცემა Hronika Turkmenistana აღნიშნავს, რომ მანამდე თევზაობაზე აკრძალვა დაწესდა, რომელიც საჯარო არ გამხდარა.

ამასთან, გამოცემამ ბერდიმუჰამედოვის დასვენების ვიდეო გაავრცელა.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში წინა წელსაც ამავე პერიოდში გავიდა. მაშინ მან წიგნი დაწერა და თავის სიმღერებზე გადაღებულ კლიპებს უყურა.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქემენეთის პრეზიდენტი 2006 წლის 21 დეკემბერს გახდა და მას შემდეგ ქვეყნის სათავეში დგას. უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებებს უგულებელყოფენ.