შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 ივლისს გაქცეულ პატიმარს მეშვიდე დღეა ეძებს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოხდა. ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, პატიმარი მანქანიდან იმ დროს გაიქცა, როცა სამართალდამცავები სიგარეტის მოსაწევად გადავიდნენ. ბრალდებული ქურდობის მუხლით იყო დაკავებული.

პატიმრის გაქცევის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მიმართ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.

ახლა საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ეს მუხლები სამსახურეობრივ გულგრილობასა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს.