ამბროლაურში დაპირისპირების საქმეზე პროკურატურამ ყოფილ გუბერნატორსა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძე ბრალი წარუდგინა. ბრალი წარედგინა მის ძმას, დავით სირაძესაც.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ოთარ სირაძე დანაშაულს არ აღიარებს.

4 ივლისს ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ენმ-ს წევრმა, ოთარ სირაძემ ახალგაზრდა მწვანეების აქტივისტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს ცემა. დაპირისპირება ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ მოხდა.

ვიდეოში, რომელიც ინციდენტის შემსწრემ და ერთ-ერთმა აქტივისტმა მარიამ ვაცაძემ გადაიღო, ჩანს, რომ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ოთარ სირაძე აქტივისტ ნიკოლოზ ბაქრაძის ცემას იწყებს. კიდევ ერთი ვიდეოკადრები მეორე აქტივისტმა, ნათია აროშვილმა გადაიღო და On.ge-ს მიაწოდა. ამ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების მონაწილე მეორე პირი აქტივისტ ნიკოლოზ ბაქრაძეს აკავებს ოთარ სირაძე კი მუშტებით სცემს.