"ვფიქრობ, ჩემს მიერ არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით", — ასე შეაფასა ბათუმის აწ უკვე ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ გადადგომის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ხალხს ღირსებით და ერთგულად ემსახურა და დიდი პატივი იყო მათ სამსახურში ყოფნა.

რაც შეეხება წასვლის მიზეზს, კომახიძემ თქვა, რომ მან გაითვალისწინა "გუნდური შეხედულება ამის თაობაზე". მისი თქმით, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მისი მხრიდან იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ დაპირისპირება აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ამის გამო ტოვებს პოზიციას, ჭორია.

კომახიძის გადადგომაზე მედია უკვე ერთი კვირაა საუბრობს, თუმცა არც ის და არც პრესსამსახური ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. პრესსამსახური ინფორმაციას არ ადასტურებდა დღესაც, როცა მერთან შეხვედრის შემდეგ მის გადადგომაზე ილაპარაკეს მერიის მაღალჩინოსნებმა.