მთის სტატუსი კიდევ 59 სოფელს მიენიჭა, მათ შორისაა საოკუპაციო ხაზთან მდებარე 19 სოფელი.

შესაბამისი ცვლილებები კანონში პარლამენტმა დაამტკიცა.

"მთის სტატუსით ისარგებლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარე დაბა გომისმთაც, რომელსაც დაბის სტატუსი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა. დაბის სტატუსის არქონა არ იძლეოდა გომისმთისთვის არც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და არც უკვე შემუშავებული გენგეგმის დამტკიცების შესაძლებლობას", — აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის საქართველოში მთის სტატუსის მქონე დასახლებათა
რაოდენობამ 1 796-ს მიაღწია. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით მოსარგებლე 246 447 მოქალაქეს კი, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, დაახლოებით 26 000 მოქალაქე დაემატება.

როგორც სამინისტროში ამბობენ, მთის კანონის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობს 237 158 ბენეფიციარი, რისთვისაც
გაცემულია 224 მილიონ 623 ათას 430 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათებით
სარგებლობს 424 საწარმო.

კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროიდან მთის განვითარების ფონდისათვის ჯამში გამოყოფილია 106 მილიონი ლარი, საიდანაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა, 2 მილიონ 900 ათას ლარზე მეტი — ელექტროენერგიის გარეშე არსებულ დასახლებებში მზის პანელების შეძენა-დამონტაჟებას, 2,5 მილიონი ლარით კი დაფინანსდა მთიან დასახლებებში სკოლა-პანსიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.