საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორი დღის წინ ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა. დღეს, 16 ივლისს კი მთავრობის სხდომას დაესწრო. სხდომის ფოტოები მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ევროპული საქართველოს დეპუტატ გიორგი კანდელაკს აინტერესებს მთავრობის განმარტება, რატომ არ გაიარა მინისტრმა სავალდებულო კარანტინი.

საქართველოს მთავრობას ბელგია ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანილი არ ჰყავს. ამასთან, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ შემთხვევაში 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს შემთხვევა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი კარანტინში იყო. კონსულტაციებისთვის უკრაინიდან ჩამოსულმა ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ კარანტინი გაიარა.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

გიორგი კანდელაკის თქმით, სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ზალკალიანი ქვეყანაში კარანტინის გარეშე შემოვიდა, არსებობს, თუმცა მთავრობამ განმარტება უნდა გააკეთოს.

"მივმართავ კითხვით მთავრობას, რატომ შეუძლია თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის, კარანტინის გარეშე შემოსვლა ქვეყნიდან, რომელიც არ არის გამწვანებული ქვეყნების სიაში. რატომ უნდა გაიაროს კარანტინი ჩვეულებრივმა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ, თუკი ის იმყოფებოდა გამწვანებულ ქვეყანაში", — აღნიშნა კანდელაკმა On.ge-სთან საუბრის დროს.

დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტით 13-14 ივლისს იმყოფებოდა. პანდემიის პირობებში ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტია საქართველოდან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, ასევე შეხვდა გენერალური მდივნის მოადგილეს. ბრიუსელში მინისტრი ესაუბრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელსაც, ასევე, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელ სვენ მიქსერს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში On.ge-ს წერილობით უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მთავრობის 332-ე დადგენილება სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს ადგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

"სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე", — აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია.