პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 16 ივლისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის გახსნაზე ისაუბრა და შეაფასა, როგორც "ბუნებრის დიდი სიყვარული", "ქვეყნისთვის უნიკალური პარკი".

"ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა, ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად განხორციელდა. [...] რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე მაინც იმარჯვებს", — თქვა პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად 3 წლის ცილისწამებისა, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ჯერ კიდევ გახსნამდე იმით გახდა პოპულარული, რომ იქ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გიგანტური ხეები ხმელეთით ან ზღვით გადაჰქონდათ. მათ შორის ყველაზე "პოპულარული" შავ ზღვაში მოცურავი ტიტის ხე გახდა. გურიის მოამბის ცნობით, დენდროლოგიურ პარკში გადატანილი ასწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს.

ხეების გადატანას აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებდნენ. ხშირად გიგანტური ხის გადატანისას იხერგებოდა გზა, ზიანდებოდა ელექტრონული სადენები და იჩეხებოდა სხვა ხეები. ხეების გადარგვა არ შეწყვეტილა საგანგებო მდგომარეობის დროსაც.

თავად ბიძინა ივანიშვილი კი ამტკიცებდა, რომ გადარგვისას გიგანტური ხეები გადაარჩინა, რადგან მათი ნაწილი გადაშენების პირას იყო. მან, ასევე, აღიარა, რომ ასი ათასობით ხე აქვს გადარგული.