კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის თქმით, კავკასუს ონლაინმა იცოდა, რომ კანონს არღვევდა და გარდა ამისა უკვე 10 თვეა ის კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებსაც არ ასრულებს. ბექაურის განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ასე გამოეხმაურა ის, კავკასუს ონლაინის ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მფლობელის ინტერვიუს. ბექაურის თქმით, ინტერვიუში კავკასუსის მფლობელი ამბობს, საქართველოს სახელმწიფო და კომუნიკაციების კომისია მტრულად არის განწყობილი კომპანიის მიმართ, რაც "აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა".

"სინამდვილე არის შემდეგი: ჩვენ, კომუნიკაციების კომისიას რეგულარული პროცედურა გვაქვს, რომ ავტორიზებულ პირებს ვთხოვთ რეესტრის განახლებას მათი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ, ანუ მათ უნდა გაგვიხსნან ბოლომდე მფლობელები. დაახლოებით 10 თვის წინ, ასეთი სტანდარტული პროცედურის შემდეგ გაირკვა, რომ კავკასუს ონლაინს შეცვლილი ჰყავს 49%-ის ბენეფიციარი, ანუ გაასხვისა წილი. ამ დროს ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა, წილის გასხვისების შემთხვევაში წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს კომუნიკაციების კომისიისგან", — აცხადებს ბექაური.

ბექაურის თქმით, ამავდროულად კავკასუს ონლაინს დამატებით ჰქონდა სპეციფიური ვალდებულება კომისიისგან.

"რამდენიმე წლის წინ საკუთარი საცალო აქტივები მიჰყიდა მაგთიკომს. ამ შეთანხმების პროცესში, რომელზეც ჩვენ თანხმობა გავეცით, კავკასუს ონლაინს რაც დარჩა მას საბითუმო ნაწილი, რომელიც მდგომარეობს საქართველოს არსებულ მაგისტრალურ-ოპტიკურ ინფრასტრუქტურაზე და ამავდროულად შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც მათი აქტივია, ჩვენ დავაკისრეთ დამატებით ვალდებულებად, რომ შემდგომში წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად მოემართათ კომისიისთვის", — აცხადებს ბექაური.

მისი განმარტებით, ამ მომართვის აზრი არის ის, რომ კომისიამ ჩაატაროს კვლევა, წილის გასხვისებით ხომ არ იცვლება ბაზარზე კონცენტრაციის საკითხები, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბაზარს.

"აქედან გამომდინარე, ეს ვალდებულება მან არ შეასრულა და არამარტო არ შეასრულა, ჩვენს რეგულარულ მოთხოვნას, აგერ უკვე მეათე თვეა არ ასრულებს. ნებისმიერი სერიოზული კომპანია, როდესაც ინვესტიციას აკეთებს და მსხვილი კომპანიის წილს ყიდულობს თავიდან ბოლომდე ამოწმებს ამ კომპანიას, როგორც ფინანსურად, ასევე სამართლებრივად. შესაბამისად ამოწმებს იმ ქვეყანაში რომ შედის რა კანონმდებლობაა, რამე ხომ არ არის შესათანხმებელი, რაიმე სამართლებრივი ვალდებულებები ხომ არ აქვს ამ კომპანიას, რომელსაც ყიდულობ და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომპანიამ, რომელმაც ეს 49% იყიდა ასეთი შემოწმება ჩაატარა. თუმცა, რატომ ვერ დაინახა ის, რომ წილის ნასყიდობა უნდა შეეთანხმებინა წინასწარ კომისიასთან, ეს მე არ ვიცი და ეს კითხვაა, რომელზეც ალბათ მათ პასუხი უნდა გასცენ" — ამბობს კახა ბექაური.

როგორც ის აღნიშნავს, ასეთი ნასყიდობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიძლება მოხვდეს ისეთი ინვესტორის ხელში, რომელიც არ არის გამოკვლეული. ბექაურის თქმით, ქვეყანაში შესული ინვესტორის ე.წ. სქრინინგი დღეს ევროპაში დანერგილი პრაქტიკაა.