დღეს ტვიტერზე უცნობმა პირმა ილონ მასკის სახელით საეჭვო შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა, რომელიც მომხმარებლებს უცნობ ანგარიშზე ბიტკოინის გადარიცხვისკენ მოუწოდებდა. მსგავსი რამ, სინამდვილეში, ხშირად ხდება, თუმცა დღევანდელი ამბავი სხვა მიზეზით იყო უჩვეულო: ეს ტვიტი ილონ მასკის ოფიციალური ანგარიშიდან გამოქვეყნდა. გარდა ამისა, მსგავსი ტვიტები გამოქვეყნდა ისეთი ცნობილი ადამიანების ოფიციალური ანგარიშებიდან, როგორებიც არიან ბილ გეიტსი, ჯეფ ბეზოსი, კანიე ვესტი, ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა და სხვები.

როგორც ჩანს, საქმე ტვიტერის მასშტაბურ და უპრეცედენტო დაჰაკვასთან გვაქვს. სოციალური ქსელის პრესმდივნის ცნობით, კომპანია ამასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

ჰაკერები ამ კიბერთავდასხმის ფარგლებში ყველა გატეხილ ანგარიშზე ბიტკოინის სხვადასხვა საფულეს იყენებენ, ხოლო მასკის და გეიტსის ტვიტერზე გამოქვეყნებული საფულის მონაცემებით, მასზე ჯამში $59 ათასის ღირებულების ბიტკოინი უკვე გადარიცხულია.

დაჰაკულ ანგარიშებს შორის იყო ეფლის ანგარიშიც, თუმცა ყალბი ტვიტის გამოქვეყნების შემდეგ ის საკუთარ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. ცნობილი ადამიანების ტვიტერის ანგარიშებიდან კი მსგავსი შინაარსის ტვიტები კვლავ ქვეყნდება და მათი სია სულ უფრო იზრდება. გარდა ამისა, სხვა მომხმარებლები აქვეყნებენ სქრინშოთებს იმის დასამტკიცებლად, თითქოს თავდასხმა მათ ანგარიშზეც განხორციელდა, რაც ზოგ შემთხვევაში სინამდვილეს არ შეესაბამება.

სტატიის გამოქვეყნების მომენტში ტვიტერმა გატეხილ ანგარიშებს ტვიტების გამოქვეყნების შესაძლებლობა შეუზღუდა.