მაშინ, როცა ადამიანებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება თავად აღარ შეუძლიათ, აუცილებელია, სპეციალისტებს მიმართონ. ეს არის მაშველი რგოლი, რომელიც, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ხდება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

კარანტინის დაწყების შემდეგ, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ონლაინ კონსულტაციებზე გადაერთვნენ. ამ სტატიაში ვეცდებით, მათი თვალით დანახულ შედეგებსა და გამოცდილებაზე მოგიყვეთ.

სპეციალისტების თვალით დანახული ონლაინ კონსულტაციები

ფოტო: Andrew Rybalko / Getty Images

აკრედიტებული კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი, ანა ღვინიანიძე

მისი პაციენტები ზრდასრული ადამიანები არიან და პრაქტიკას კერძოდ ატარებს. მეტწილად იმ ადამიანებს მკურნალობს, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვთ.

ანა გვიყვება, რომ 21 მარტიდან თითოეულ მათგანს სეანსების ონლაინ გაგრძელებასთან დაკავშირებით ცალ-ცალკე შეატყობინა. მისი განმარტებით, პირისპირ ურთიერთობა დაუბრკოლებელი ურთიერთობაა, ასე პაციენტი სპეციალისტს ბევრად საფუძვლიანად იცნობს და მის მიმართ ნდობა უყალიბდება, იცის, რას როგორი ინტონაციით ამბობს, როგორი ტონი აქვს. ეს ყველაფერი დისტანციურად მუშაობისას შეიძლება გართულდეს.

"როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, გაცილებით უფრო მეტად მგრძნობიარენი ვხდებით განსაზღვრული გამღიზიანებლების მიმართ და შესაძლოა, მივაწეროთ ჩვენი განცდები და მდგომარეობები სხვა ადამიანების ქცევებს. როდესაც უშუალოდ არ მიმდინარეობს ურთიერთობა და თუკი მხოლოდ მიმოწერა გვაქვს, გაცილებით მეტია ამ "მიწერილი" შინაარსების გააქტიურების ალბათობა — "ეს ფრაზა, რომელსაც მწერს, იქნებ გამკიცხავი ტონით მომწერა". შესაბამისად, ეს განუსაზღვრელობები, რა თქმა უნდა, მოქმედებს ფსიქოთერაპიული ურთიერთობის ხარისხზე", — ამბობს ანა.

ანა ღვინიანიძე მიუთითებს, რომ თერაპევტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ ეუბნება ადამიანი იმას, რასაც ეუბნება, რომელი ემოცია ახლავს თან და როცა საწყის ეტაპზე ადამიანს არ იცნობთ, ონლაინ კონსულტირება უფრო დამაბრკოლებელი ხდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რაც ართულებს იზოლირებას და შეიძლება ადამიანების უმრავლესობამ ვიდეო ფორმატს წერილობითი ამჯობინოს.

"მაგალითად, როდესაც მიმოწერით მიმდინარეობს კონსულტაცია, რა თქმა უნდა, დრო სიტყვებს შორის, რომელსაც პაციენტი გაწვდის და შენს რეაქციას შორის, თავისთავად იზრდება; მეორე ის, რომ ონლაინ რეჟიმში საკუთარი გარემოს კონტროლის განცდა იკლებს, რადგან პაციენტების ნაწილს, მათი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება არ შეეძლოს ონლაინ ვიდეოზარის საშუალებით კონსულტაციის გავლა", — განმარტავს ანა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც სპეციალისტის და პაციენტის ონლაინ ურთიერთობა შეიძლება შეცვალოს, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზია, რა დროსაც ფსიქოთერაპიული მიდგომების ერთობლიობა გამოიყენება და არა რომელიმე ერთი გზა. ანა გვიყვება, რომ მის პრაქტიკაში ძალიან დიდი ნაწილია საწერი სავარჯიშოები, დამატებით საკითხავი ლიტერატურა, რასაც პაციენტებს მუდმივად აწვდის. ეს მიდგომა ონლაინ რეჟიმმა გაამარტივა და შესაძლებელი გახადა კონსულტაცია 1 საათსა და 10 წუთს არ გასცდენოდა.

საკითხავ მასალებს, გრაფიკულ გამოსახულებებს თუ საწერ დავალებებს პაციენტს წინასწარ უგზავნიდა, მიღებულ ნაწერებსაც წინასწარ ამოწმებდა, შესაბამისად, უშუალოდ შეხვედრისას ამ ნაწილში დრო არ იკარგებოდა. კიდევ ერთი დადებითი მხარე, რასაც ანა გამოყოფს, მუდმივად მისაწვდომობაა.

"რამდენიმე მათგანმა აღნიშნა კიდეც და ეს გამოკვეთილად მახსოვს, რომ ნაწერის სახით ყოველთვის ხელმისაწვდომია რას ეუბნები ადამიანს და თვითონ რას გწერს. ამდენად, ჩვენს პრაქტიკაში, როდესაც პირისპირ ხვდები ადამიანს, უმეტესად აუდიოჩანაწერს არ ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში კი დაინახეს ეს დადებითი მხარე, რომ არცერთი მხარის ნაწერი არ იკარგება, მისაწვდომია და შეუძლია ნებისმიერ დროს გადახედონ", — ამბობს ანა.

მისივე თქმით, პაციენტების ნაწილმა, დაახლოებით ნახევარმა, პრობლემების გამო ვიდეო ფორმატში კონსულტაციებს მიმოწერა ამჯობინა, ნაწილმა კი მოგვიანებით, მათ შორის, ფინანსური პრობლემების გამო, ონლაინ კონსულტაციაზე ზოგადად უარი თქვა.

"მახსენდება ერთ-ერთი პაციენტის ნათქვამი "კარგია, რომ ამხელა საცობებში დგომა არ მიწევს", როდესაც ფსიქოთერაპევტთან მიდიხარ და 2 საათი დგახარ საცობში, მორალურად დამთრგუნველია. ეს იყო ერთ-ერთი კომფორტი, რაც თან ახლდა ონლაინ ურთიერთობას და მოქნილობა, რადგან ყველა საგანგებო მდგომარეობაში და ძირითადად სახლში ვიყავით, შეიძლებოდა, რომ შეხვედრის დრო საჭიროებისამებრ მარტივად შეგვეცვალა", — გვეუბნება ანა.

ახალი, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ისწავლა ისაა, რომ პაციენტმა შესაძლოა ონლაინ კონსულტაციაზეც დააგვიანოს. ანა ღვინიანიძე ამ დროისთვის პირისპირ შეხვედრებს არ დაბრუნებია და გადაწყვეტილი არ აქვს, მომავალში ახალ პაციენტებს პირდაპირ ონლაინ რეჟიმში აიყვანს თუ არა.

ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქიატრიის მაგისტრი, გუგა გრიგოლია

იგი რამდენიმე წელია მუშაობს ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

გუგა კერძო პაციენტებთანაც ურთიერთობს და ამასთან ერთად კლუბ სინერგიაშიც მუშაობს. მისი თქმით, კლუბი სინერგია თებერვლიდან ონლაინ მომსახურებაზე გადავიდა, უმეტესად იყენებდნენ Zoom-ს, თუმცა პაციენტებს სთავაზობდნენ სკაიპით მომსახურებას, მეილით, უკიდურეს შემთხვევაში კი სატელეფონო კონსულტაციას.

ანას მსგავსად, გუგაც აღნიშნავს, რომ უშუალო ფორმატი სრულფასოვნად აღქმისთვის, სხეულის ენის შესწავლისთვის, უშუალო, არავერბალური ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის ბევრად უკეთესია. თუმცა, მისი თქმით, ვიდეო ფორმატი რაღაც გაგებით საქმეს ამარტივებს, მაგალითად, სეანსების ჩატარება გადაადგილების გარეშეა შესაძლებელი. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პაციენტსა და სპეციალისტს შორის ნდობა თავისთავად არ ჩნდება და ამ მხრივ ონლაინ კონსულტაციამ შესაძლოა მეტი დაბრკოლება შექმნას.

კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც გუგა ჩვენთან საუბარში გამოყოფს, კოლექტიური საზოგადოებაა, კონსულტაციისთვის კი ადამიანს აბსოლუტური იზოლირება სჭირდება. გუგას თქმით, არის შემთხვევები, როცა სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდეოფორმატს წერილობითით ანაცვლებენ, თუმცა პრაქტიკაში ყოფილა პირიქითაც.

"არის თერაპიაში გარკვეული კომპონენტები, რომლებიც ონლაინ ფორმატში ვერ ხორციელდება. მაგალითად, სუნთქვითი სავარჯიშოები, წარმოსახვითი სავარჯიშოები, კუნთური რელაქსაციის, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კლიენტი და თერაპევტი ერთად იყვნენ და სავარჯიშოებიც ერთად გააკეთონ. პრაქტიკული ნაწილი ონლაინ ფორმატში ძალიან იჩაგრება და ასეთი ფორმატში ამ ეტაპზე ვერ ვატარებთ ჯგუფურ თერაპიას, რადგან შეიძლება ბევრ რისკს შეიცავდეს", — ამბობს გუგა.

ის მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ონლაინ ფორმატში გადაბარგება, მაშინ, როცა კლიენტმაც და სპეციალისტმაც იცის, რა ეთიკური ნორმები უნდა დიაცვას, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

"გვქონდა ძალიან ბევრი სესია იმ ადამიანებთან, რომლებიც ევროპიდან დაგვიკავშირდნენ, ემიგრანტები არიან და ძალიან გაუხარდათ ონლაინ ფორმატი, რადგან როგორც იქნა მიეცათ შესაძლებლობა ქართველ ფსიქოლოგებთან ჰქონოდათ შეხება. ამ მხრივ გამოხმაურება დიდი იყო, გვწერდნენ ფეისბუქზე, რამდენიმე ადამიანი მეილზე დამიკავშირდა. გამოხმაურება იყო, რადგან პრობლემა ჰქონდა ბევრს — არ იცოდნენ დარჩენილიყვნენ ევროპაში თუ წამოსულიყვნენ, ბევრს ჰქონდა სტრესის გართულება, სიმპტომების გამწვავება და ამ მხრივ ძალიან გამოადგათ ონლაინ ფორმატი", — გვიყვება გუგა.

გუგას შემთხვევაშიც და კლუბ სინერგიაშიც ამ ეტაპზე უშუალო ფორმატის სესიები არ განახლებულა. მისი თქმით, სექტემბერში გამოჩნდება, რა მდგომარეობა იქნება პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით და რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო პაციენტებისთვის.

"პრინციპში, მთავარი, რაც ამ ონლაინფორმატიდან შეიძლებოდა მესწავლა, ისაა, რომ თუკი ადამიანი არის მონდომებული, მიიღოს ფსიქოლოგიური თერაპია, თუკი მას გააჩნია ენთუზიაზმი, სურვილი იმის, რომ საკუთარი გაურკვევლობიდან ან საკუთარი პრობლემიდან გამოსავალი იპოვოს, მაშინ ეს მას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია — იქნება ეს წერილობითი ფორმატი, ვიდეო ფორმატი თუ მით უმუეტეს უშუალო ფორმატი", — გვეუბნება გუგა.

მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში მეორეხარისხოვანი ხდება, რა ფორმატში გვაქვს თერაპევტთან ურთიერთობა, მთავარია გამბედაობა, რომ საკუთარ ცხოვრებას თვალებში ჩავხედოთ და მისი შეცვლის მზაობა გამოვიჩინოთ.

ფოტო: Aubrey Hirsch / Vox

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობის ხელმძღვანელი, ნანა აღაპიშვილი

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მოულოდნელ სიტუაციაში ხვდება და ადამიანების ცხოვრება განუსაზღვრელი ვადით, სრულიად იცვლება, მთავარი მყისიერი დახმარება ხდება. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი ცხელი ხაზები, რომლებიც ადამიანს პირველად კონსულტაციას უწევენ და საჭიროების შემთხვევაში სხვებთან ამისამართებენ.

ამ პრინციპით მუშაობდა აპრილის პირველი რიცხვებიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის ჩართულობით ასოციაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველს უფასო კონსულტაციას უწევდა.

ნანა აღაპიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადამიანები ცხელ ხაზზე ზოგჯერ უბრალოდ ინფორმაციის მისაღებად რეკავდნენ. მისი თქმით, განსხვავებული იყო ჩივილები კრიზისის საწყის და მიმდინარე ეტაპებზე.

"აპრილი-მაისის ანგარიშის მიხედვით, კრიზისის დასაწყის ეტაპზე ყველაზე ხშირად მოგვმართავდნენ კორონავირუსით გამოწვეული ფსიქოლოგიური სირთულეების გამო. ეს იყო დაინფიცირების შიში, ეჭვები და შფოთვა არსებული სიტუაციის გამო. ადამიანები გვირეკავდნენ საკარანტინო სივრცეებიდან, იქ ყოფნით შექმნილ პრობლემებს გვიზიარებდნენ", — ამბობს ნანა.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს ჰქონდათ ეჭვი, ხომ არ დაუბრუნდებოდნენ წარსულში განცდილ რომელიმე ფსიქიკურ პრობლემას.

"მეორე ეტაპზე უკვე წამოვიდა უმუშევრობის, სამსახურის დაკარგვის, უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყების, ეკონომიკურ მდგომარეობაზე გამოწვეული ფსიქოლოგიური საკითხები", — ამბობს ის.

აპრილიდან ცხელი ხაზი დილის 9 საათიდან საღამოს 12 საათამდე მუშაობდა, თანამშრომლები 3 ცვლაში იყვნენ განაწილებულნი და ერთდროულად 3 მათგანი იყო ხელმისაწვდომი. ივნისის შუა რიცხვებიდან დატვირთვა შემცირდა, შესაბამისად, ცხელი ხაზი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდეა ხელმისაწვდომი, ერთ ცვლაში კი 2 კონსულტანტი მუშაობს.

ნანა გვიყვება, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა ანონიმურია, თუმცა ამ პერიოდში, პირველად, იყო შემთხვევები, როცა ნებართვით ანონიმურობა დაირღვა. მისი თქმით, ეს ისეთ რთულ ზარებს ეხებოდა, როცა ადამიანი სუიციდზე, თვითდაზიანებებზე საუბრობდა. ასეთ შემთხვევაში კონსულტანტი მათ სთხოვდა ნებართვას, მიეცათ ნომერი, რომელზეც გადაურეკავდნენ, რათა ემართათ კლიენტის მდგომარეობა.

ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ დაახლოებით 50 ადამიანს დასჭირდა გადამისამართება, იყო განმეორებით ზარის შემთხვევებიც.

"ხომ გვგონია, რომ 21-ე საუკუნეა და ყველას აქვს საშუალება, რომ ონლაინ სერვისები მათთვის ხელმისაწვდომი იქნება... მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხალხს ამის საშუალება არ აქვს. ბევრ ადამიანს მობილურით დარეკვის საშუალებაც არ აქვს, ქალაქის ტელეფონებიდან გვირეკავდა ძალიან ბევრი და როცა ონლაინ სერვისში ვამისამართებდით, გვეუბნებოდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ. მიზეზად ასახელებდნენ, მაგალითად იმას, რომ ოჯახში ბევრი ადამიანი და ერთი კომპიუტერია, ზოგს ინტერნეტიც არ ჰქონდა", — ამბობს ნანა.

კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც ნანა გამოყოფს, დაფარვა და ხელმისაწვდომობაა — გარდა იმისა, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა სრულიად უფასო იყო, ინტერნეტისგან განსხვავებით, სატელეფონო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

ნანა აღნიშნავს, რომ არ დარჩენილა კუთხე, საიდანაც დახმარებისთვის კონსულტაციას არ მიმართეს. გარდა ამისა, დარეკეს საქართველოს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმაც თურქეთიდან, ყაზახეთიდან და შვედეთიდან.

"რა თქმა უნდა, ცოცხალი, პირისპირ კონსულტაცია ყველაზე ეფექტურია, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს თვალით კონტაქტის დამყარებას, აკვირდები მისი სხეულის ენას, გამომეტყველებას, რაც ძალიან დიდ ინფორმაციას გაძლევს. მაგრამ მეორე მხრივ, არიან ადამიანები, ვისაც უფრო მეტად სჭირდება დარჩეს უხილავად, რაღაც ისეთ საკითხზე გელაპარაკებიან, ურჩევნიათ დარჩნენ კონფიდენციალურად, მათ არ ხედავდნენ. სატელეფონო მომსახურებების ერთ-ერთ უპირატესობად სწორედ ეს ითვლება", — ამბობს ნანა.

გარდა ამისა, ტელეფონით კონსულტაცია ძირითადად კრიზისული ხაზია, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანს დახმარება ზუსტად იმ მომენტში სჭირდება, როცა რეკავს. თუ სხვა ტიპის კონსულტაციებზე საუკეთესო შემთხვევაში მომავალ დღეს, უფრო ხშირად კი რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება ჩაგწერონ, ცხელი ხაზით დახმარებას მყისიერად იღებ.

ნანა ამბობს, რომ ამ პერიოდში მათთვის გამორჩეული იყო გუნდური მუშაობაც — გარდა იმისა, რომ 9 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მუდმივად ხაზზე იყო სხვების დასახმარებლად, ისინი ერთმანეთს მუდმივად უწევდნენ ონლაინ დახმარებას.

უფასო ცხელი ხაზი მინიმუმ დეკემბრის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს, ასე რომ, თუ თვლით, რომ კონსულტაცია გჭირდებათ შეგიძლიათ, შაბათ-კვირის ჩათვლით დარეკოთ ნომერზე: 2 911 000.

სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.