მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები და დეპუტატი. ამ ცვლილებების მიხედვით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუნულდა და მას შეუძლია ისევ გახდეს პრეზიდენტი.

TV Rain-ის ინფოrმაციით, დაკავებულებს შორის არიან რიას და Tjournal-ის ჟურნალისტები და მუნიციპალიტეტის დეპუტატი, შვილთან ერთად.

როგორც გამოცემა წერს, 15 ივლისს მოსკოვში ხელმოწერებს აგროვებდნენ მოთხოვნით, ანულირებულ იქნას საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც შემდგომში აქციაში გადაიზარდა. მათივე ინფორმაციით, თავიდანვე საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მერიამ თანხმობა არ გასცა. სწორედ ამ მიზეზით, როცა აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები პუტინის ინიციატივით შევიდა. ერთ-ერთ ცვლილებად განიხილებოდა მისთვის საპრეზიდენტო ვადის განულება, რის შემთხვევაშიც მეორე ვადის დასრულების შემდეგ, 2024 წელს იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ შეძლებს.