ყველა სეზონისთვის შესაბამისად შთამბეჭდავი და მიმზიდველი ბუნება რომ გვაქვს, უკვე ბევრს გავაგებინეთ უცხოეთში და როგორც ჩანს, სტანისლავ კაპრალოვმაც გადაწყვიტა, საქართველოს ხედების ფონზე მთელი მსოფლიოსთვის ახალი საშინელებათა ისტორია მოეყოლა.

Let It Snow — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა გადაიღო. ეს კაპრალოვის პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათია, რომლის სცენარზეც მასთან ერთად ომრი როუზი მუშაობდა.

ფილმში უკრაინელ მსახიობ ივანა სახნოსთან, რომელიც ცოტა ხნის წინ სერიალ High Fidelity-ში გამოჩნდა და ავსტრიელ ალექს ჰაფნერთან ერთად (ნეტფლიქსის სერიალ Cable Girls-ის მსახიობი), ქართველი მსახიობი თინა დალაქიშვილიც მონაწილეობს.

როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, გმირებს საქართველოს მთებში გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ:

ფილმის მოკლე აღწერა ასეთია:

"მია და მაქსი ევროპის მაღალმთიან კურორტზე სნოუბორდით სასრიალოდ ჩადიან, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ ადგილობრივი სასტუმროს თანამშრომლის საშიშ მონათხრობს, რომელიც სასრიალო ბილიკზე ადამიანების აუხსნელ სიკვდილს უკავშირდება. მაგრამ როცა ისინი აკრძალულ ფერდობზე აღმოჩნდებიან, მაქსი მოულოდნელად გაუჩინარდება, მიას კი თოვლმავალით მოძრავი ნიღბიანი ადამიანი დაესხმება თავს. მიას სწორედ მასთან გამკლავება მოუწევს — ისევე, როგორც ზვავთან — რომ გადარჩეს".

ფილმის პრემიერა 2020 წლის 22 სექტემბერსაა დაგეგმილი და სწორედ მაშინ შეგვეძლება სრულად შეფასება, თუ როგორი გამოვიდა საქართველოში გადაღებული ჰოლივუდური პროექტი, რომლის წარმოებაზეც ისეთი ცნობილი კინოკომპანია მუშაობდა, როგორიცაა Lionsgate.

ფოტო: Lionsgate

ფოტო: Lionsgate

ფოტო: Lionsgate

ფოტო: Lionsgate

ფოტო: Lionsgate

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ასევე საქართველოში მიმდინარეობდა The Fast & Furious-ის ფრენჩაიზის მეცხრე ფილმის გადაღებები, რომლის პირველ ტრეილერშიც ვიხილეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადგილები.