ერგნეთში მოქალაქეებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. ისინი ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარიაც.

შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებისგან გააქტიურებას მოითხოვენ:

"ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საოკუპაციო ძალებმა უნდა შეწყვიტონ საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემგუებლური პოზიცია აქვს", — განუცხადა რუსთავი 2-ს ნიკა წიქარაძემ.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ლია გიგაურის ინფორმაციით, ის ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილს, ის ივლისის დასაწყისში სოფელ აძვისთავთან დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, მღებრიშვილი ახლა კარანტინშია.