სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, საქართველოში ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა კარანტინი, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი ათასს გადასცდა. პანდემიის პერიოდში, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან გზად ადამიანების იზოლიარება მიიჩნიეს. თუმცა, ფიზიკურთან ერთად, საყურადღებოა თითოეული ამ ადამიანის მენტალური პრობლემები.

ფსიქოლოგი და კლინიკური სოციალური მუშაკი, ია შეყრილაძე ამბობს, რომ როგორც მოხალისემ და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა, კოვიდკლინიკასა და შესაბამის საკარანტინე სივრცეებს დისტანციური დახმარება შესთავაზა.

ჰყვება, რომ სავარაუდოდ, ბევრად მეტს უჭირდა, მაგრამ ვინც ამას ხმამაღლა გააჟღერებდა, იმათთან აკავშირებდნენ.

On.ge გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ ია შეყრილაძესთან:

როცა ადამიანი იგებს, რომ პანდემიურად გავრცელებული ვირუსით არის დაავადებული, ასევე, ფიქრობს უამრავ სხვა გარემოებაზე, ახლობლებზე, ოჯახსა და საკუთარ კონტაქტებზე, აქვს დანაშაულის გრძნობა, რა შეიძლება იყოს საუკეთესო გზა ასეთ დროს, რომ ფიქრებს თავი მოუყაროს, შიში დაძლიოს?

ადამიანებში შიში "ახალი ვირუსის" ფაქტორითაა განპირობებული. არ არის ცნობილი გართულებები დატოვებს თუ არა. ბევრს მსუბუქ ფორმებშიც რომ ჰქონდეს, მაინც სტრესულად მოქმედებს, როგორც საკუთარ თავთან, ისე ოჯახის წევრის დაინფიცირების თვალსაზრისით.

ამ მიმართულებით, მასმედია ავრცელებს ინფორმაციას ყველა ქვეყანაზე. რაც არ უნდა ჯანმრთელად გრძნობდე თავს, მაინც მოქმედებს, როცა სტატისტიკის ნაწილი ხდები. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების რეკომენდაციაც კი იყო, რომ ტელევიზიისა და ინტერნეტის მოხმარება იმ პერიოდში არ იყო რეკომენდებული. სასურველია, ასეთ ადამიანებთან აქცენტი იმაზე გაკეთდეს, რომ სიკვდილიანობა მცირეა.

ამასთან, ადამიანმა რისკებიც უნდა გაითვალისწინოს. ზედმეტი პოზიტიურობა არასერიოზული მიდგომა მგონია. რაც უფრო ვიაზრებთ რისკებს, მით უფრო ვიცავთ თავს. საზოგადოებრივ დონეზე პრევენციული მიდგომა ძალიან წარმატებული იყო. რომ გვეთქვა — რა მოხდა, ვირუსი რას დაგვაკლებსო, მეზობელი სომხეთივით ვიქნებოდით. ინდივიდუალურ დონეზეც ასეა. შფოთვა გვეხმარება გადარჩენაში.

თუმცა, შფოთვა დამაზიანებელიც შეიძლება იყოს…

დამაზიანებელი ხდება მაშინ, როცა ზედმეტადაა და ხელს გვიშლის. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ვშფოთავთ, ეს აპრიორი ცუდია. როცა სახლში მყავს ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადების მქონე და არ ვშფოთავ, ეს შეიძლება, გახდეს უფრო დამაზიანებელი, საბოლოო ჯამში.

თუკი უკვე დაავადებული ადამიანის შფოთვაზე ვსაუბრობთ?

იგი, სავარაუდოდ, შფოთავს იმაზე, როგორ იქნება და როგორ აისახება ეს ოჯახზე. ხშირად შფოთვა შეიძლება, სულაც არ უკავშირდებოდეს კორონავირუსს, არამედ, იმას, რომ ვერ გავა სახლიდან, ან შვილები ჰყავს დატოვებული და ფიქრობს, რომ "მის გარეშე რა ეშველებათ".

მკურნალობის დროს ერთ-ერთი რთული გამოწვევა სიმარტოვეა, ექიმებიც კი ისეთ ფორმაში ხვდებიან პაციენტებს, მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. რამდენად მძიმეა ეს მენტალური ჯანმრთელობისთვის?

როცა კარგად არის ადამიანი, ექიმი შეიძლება მხოლოდ ხუთი წუთით შევიდეს მასთან. რეალურად, ასეთი ადამიანი არც იქნებოდა საავადმყოფოში, ეპიდსიტუაცია რომ არა. თუ ეს ადამიანი ექსტროვერტია და არ შეუძლია ურთიერთობების გარეშე, მისთვის უფრო რთული იქნება. მე არ მქონია შეხება, მაგრამ ბავშვებისთვისაც იქნებოდა ძალიან რთული.

რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა კლინიკაში ან კარანტინში?

წითელ ჯვარს მივმართე, რომ ყველა კლინიკისთვის მიეწოდებინათ თავშესაქცევი ნივთები, მაგალითად ქსოვა. ამ დროს გონება გადაგაქვს. იგივეა, ბავშვს რომ დახვედროდა რუბიკის კუბიკი, ლოტო ან სათამაშო. ან ასაკოვან ადამიანს კროსვორდების კრებული და ა.შ. კლინიკას ვერ ექნება არასამედიცინო ინვენტარი. ესენი შეიძლება გადაიყაროს კიდეც, რადგან ინფექციის გავრცელების რისკს წარმოადგენდეს, მაგრამ არაუშავს, გადაიყაროს. ჩვენ ვიზრუნოთ მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.

კარგი იქნება, ყველა ამ კლინიკას ჰყავდეს თავისი ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელიც რუტინულად შეეხმიანება ყველა ადამიანს ერთხელ მაინც. ჩემთან ხვდებოდა ის, ვისზეც ექიმი გადაწყვეტდა.

რა შემთხვევებს წააწყდით?

იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს ოჯახის წევრი გარდაეცვალათ. ვერ გადიხარ, ვერც პანაშვიდს ესწრები და ყველაზე მძიმე, მგლოვიარე მდგომარეობაში ხარ სრულიად მარტო, მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება ვიღაცის თანადგომა.

იყო შემთხვევა, როცა შეყვარებული დაშორდა იმ დროს და მძიმე ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, სრულიად მარტოს. ყველა ამ შემთხვევისას, კორონავირუსი მეასეხარისხოვანი იყო.

ასევე, იყო სიტუაცია, როცა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, კუჭი სტკივა ადამიანს. პროტოკოლი ისეთია, რომ ეს ადამიანი შეიძლება გადაიყვანო მხოლოდ ცხელების ცენტრში, სადაც კუჭ-ნაწლავის სპეციალისტები არ ჰყავთ. ფაქტობრივად ორი კვირა ეს ადამიანი ტკივლისგან იტანჯება. ქალს, რომელთანაც მე შეხება მქონდა, საყლაპავისა და გასტრიტის პრობლემა ჰქონდა და ძალიან სერიოზულ დისკომფორტში იყო, მას მოუწია ამის გაძლება.

ასევე, იყო ქალი, რომელსაც კლაუსტროფობია აწუხებდა და მის ოთახს არ ჰქონდა აივანი. ძალიან უჭირდა.

ფოტო: Mikyung Lee

რა იყო მათი ძირითადი ჩივილები?

მარტოობა, ადამიანური კონტაქტის ნაკლებობა, გარეთ გასვლის სურვილი, გაურკვევლობა, არ შეეძლოთ დღის დაგეგმვა. კარანტინის შემთხვევაში, ის მაინც იციან, რომ ორ კვირაში დასრულდება. ინფიცირების დროს წინასწარ ვერავინ ვერაფერს გეუბნება.

ექიმებიც მთელ მსოფლიოში პაციენტებთან ერთად სწავლობდნენ [ამ დაავადებას]. დღესაც ვერავინ გეტყვის, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მომავალში კორონავირუსს. შეიძლება ვიღაცისთვის ეს შფოთვის სერიოზული საგანი იყოს.

მნიშვნელოვანი სტრესორია ისიც, რომ ადამიანებს საკუთარ მენტალურ პრობლემებთან გამკლავების მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდათ. მაგალითად, როცა თავს ცუდად გრძნობთ, შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ და ისეირნოთ, გააკეთოთ საჭმელი, დაუკრათ ან გაისეირნოთ ბუნებაში. ამ ადამიანებს ეს შესაძლებლობები აბსოლუტურად არ ჰქონდათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრესორია რუტინის დარღვევა, რაც ყველას გვაქვს — ადგები, სამსახურში წახვალ, რამით დაკავდები, წიგნს წაიკითხავ, მეგობარს ან ახლობელს ნახავ.

ეს ორი კვირა იყო სრულიად გაურკვეველი. ზუსტად ამ დროს გეძალება უარყოფითი აზრები, თუ შფოთვისკენ მიდრეკილი ხარ, თუ ცხოვრებისეულად რთული სიტუაცია გაქვთ. ვთქვათ, დაგენგრა ურთიერთობა ან ვინმე გარდაგეცვალა. რიტუალები ადამიანებს გადარჩენაში ეხმარება, რადგან ყურადღება გადააქვთ. ადამიანები რომ მოდიან, უმნიშვნელოვანესია სოციალური მხარდაჭერა.

როდესაც ათასობით ადამიანია კარანტინში, 5 000 ადამიანიდან ერთი პროცენტი მაინც ხომ იქნებოდა, ვისაც ცხოვრებაში მძიმე პერიოდი ჰქონდა?

ბავშვები კარანტინში. ცოტა ხნის წინ მშობელმა იჩივლა და მოიგო დავა, რომ საკარანტინე სივრცე ბავშვისთვის სრულყოფილი არ იყო. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

მე არ მქონია შეხება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნებოდა. მე მესმის, რომ საზოგადოებრივი რისკები ზოგჯერ გადაწონის ინდივიდუალურს. ამ ადამიანების ხარჯზეა რომ ჩვენ კარგი სიტუაცია გვაქვს. სხვა ქვეყნებშიც ასე იყო და უარესადაც.

რატომ არ შეიძლება თვითიზოლაცია და მათი კარგად მონიტორინგი, ცალკე საკითხია. რატომ უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ამხელა რესურსს, თუ ადამიანს სახლი აქვს და მარტო იქნება?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეს ძალიან რთული იქნება. მე ვერც კი წარმომიდგენია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი კარანტინში. ეს იქნება კატასტროფა. უბრალოდ, ჯერ არ გვქონია შემთხვევა, კორონავირუსი დადასტურებოდა ასეთ ბავშვს ან სხვა ინდივიდებს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამაზე პროაქტიულად იფიქროს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობის, ქცევითი ურთიერთობების პრობლემა შეიძლება დადგეს და ბევრი პრევენციული ღონისძიება დაგვჭირდება მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. როგორ უნდა გაკეთდეს რეალურად?

ჩვენ ზოგადად ძალიან ადაპტირებადი ცხოველები ვართ და ეს დისტანცირება შეიძლება რაღაც პერიოდი გაგვყვეს, მაინც და მაინც არ ჩავეხუტოთ ერთმანეთს და შემდეგ თუ საშიშროება აღარ იქნება აღვადგენთ ამას. შეხება მაინც გვჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ გაიზარდოს ბავშვი ჯანსაღად, აუცილებელია ჩახუტება. მე არ ვუყურებ ასე დრამატულად ქცევით კომპონენტს.

ამბობენ, რომ განწყობა მოქმედებს მკურნალობის ეფექტიანობაზე, ეთანხმებით თუ არა და როგორ ახსნით?

ეგ ყველგან ასეა. როცა თავს უკეთ ვგრძნობთ, ჩვენი იმუნური სისტემაც ძლიერდება. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთია, ორგანიზმი ერთია და შფოთვა ძალიან დიდ რესურსს მოიხმარს.

როცა ვინერვიულებთ, სტრესულ მდგომარეობაში ვართ... შეიძლება, ძალიან სასიამოვნოც იყოს ეს სტრესი, არაა აუცილებელი, უარყოფითი იყოს. ვთქვათ, დავქორწინდით, ახალი ურთიერთობა გვაქვს, ან ბავშვი შეგვეძინა, ჩავაბარეთ გამოცდები — ასეთი ძლიერი მიღწევები ჩვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. ამ დროს, ხშირად ავად ვხდებით ადვილად, ჩვენი იმუნიტეტი ქვეითდება.

კორონავირუსთან ბრძოლაში ძლიერი იმუნიტეტი გვჭირდება და თუ ძალიან ვღელავთ, განვიცდით, კარგად არ გვძინავს, გამოდის, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ვაზიანებთ. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ძილის პრობლემები, არადა ძილი მნიშვნელოვანია ენერგიის აღსადგენად.

სამედიცინო სისტემამ მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს, არამედ, ფსიქიკურ მხარეზეც. მნიშვნელოვანია, გამოკეტილ ადამიანებს რუტინა შეუქმნან, მათ, ვინც არაა ფიზიკურად ასე ცუდად.

თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ამ დაავადებას ადამიანის შეცვლა, მის მიერ ღირებულებების გადაფასება?

სხვათა შორის, ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, რომ რაღაცები გაიაზრეს, გადააფასეს, მიხვდნენ, რა მნიშვნელოვანია ადამიანური კონტაქტები; მიხვდნენ, ვიღაც რომ ავად იყო და არ მოიკითხეს თავის დროზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს იმ ადამიანისთვის. რაღაც ეგზისტენციალური ღირებულებების გადაფასება ყველა ადამიანში მოხდა ამ კრიზისის ფონზე.

ბევრისგან მოვისმინე, მივხვდით იმას, რომ სულაც არაა საჭირო ამდენი ნივთი, ამდენი ფულის ხარჯვა, 3-4 თვე ასე ვიცხოვრეთ, მივხვდით, რომ სხვა რაღაც უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაშიო. ისიც აღმოვაჩინეთ, რომ სახლიდან მუშაობა შესაძლებელია და ბევრი ორგანიზაცია უკვე ფიქრობს, გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. ბევრი დადებითიც გვასწავლა კორონავირუსმა.

სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.