საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია მთავრობას მიმართავს, გაიხსნას სახელმწიფო არქივები და ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლებიც კორონავირუსის გამო დაკეტილია.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბიბლიოთეკას და არქივებს კარანტინისა და საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი თავშეყრის შეზღუდვის გამო მოქალაქეთა მიღება და მომსახურეობა შეჩერებული აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებების უმრავლესობამ მოქალაქეთა მომსახურება უკვე განაახლა.

"პანდემიისაგან შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მკვლევართა და მკითხველთა საზოგადოება ამ თვეების განმავლობაში ადეკვატურად აფასებდა არსებულ შეზღუდვებს, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შეგვექმნა კვლევის პროცესში. დღეისათვის, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოვითხოვთ, ამ დაწესებულებებმა მაქსიმალურად სწრაფად განაახლონ მკვლევართა და მკითხველთა მიღება, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით", — აცხადებენ სოვლაბში.

ორგანიზაციაში მიუთითებენ იმაზეც, რომ საარქივო კვლევის სპეციფიკისა და საბიბლიოთეკო ფონდებთან მუშაობის წესები, ისედაც, პანდემიის საფრთხის არსებობის გარეშეც მოითხოვს ჰიგიენის მკაცრად დაცვას — პირბადითა და ხელთათმანებით მუშაობას, ვიზიტორიებისათვის ინდივიდუალურ სამუშაო მაგიდას, მათ ყოველდღიურ აღრიცხვას და ა. შ.

"გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ მკვლევართა საზოგადოების ამ პრობლემას და მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოთ ამ დაწესებულებების გახსნა, რომლებიც, ფაქტობრივად, მხოლოდ შესაბამის ბრძანებას ელიან მუშაობის განსაახლებლად", — აცხადებენ სოვლაბში.