მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესს აქსელერატორი — 500 Startups საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა.

500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში 100 მდე აპლიკანტიდან 15 შეირჩა, აქედან 8 კი ქართული სტარტაპია: Tripcars.com, Cardeal.ge, Phubber App, Cargon, CARU, Live Caller, Quickcash AI, STACK-სმარტ ბრაუზერი. სტარტაპები გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალითა და ინოვაციურიობით შეარჩიეს.

ერთ-ერთი მათგანი მანქანების გაქირავების ციფრული პლატფორმა — Tripcars.com-ია, სტარტაპის თანადამფუძნებელს, ირაკლი ცაგარეიშვილს ჩვენც გავესაუბრეთ

რა მიზანს ემსახურება აქსელერაციის პროგრამა?

პროგრამის მთავარი მიზანი, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. სხვადასხვა წარმატებული კომპანიების დამფუძნებლები და მენტორები, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ პროგრამის მონაწილეებს, აძლევენ ინდივიდუალურ რჩევებს და ეხმარებიან მათ, აქციონ იდეები წარმატებულ ბიზნესად.

თქვენი აზრით, რატომ მოხვდა Tripcars.com აქსელერაციის პროგრამაში?

Tripcars.com საზიარო ეკონომიკურ (sharing economy) მოდელზე დაფუძნებული ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მანქანის გაქირავებისა და დამქირავებლის მსურველებს აკავშირებს ერთმანეთთან. ავტომობილის დაქირავების სრული პროცესი ონლაინ მიმდინარეობს. Tripcars.com-ს სამომავლოდ გლობალურ ბაზარზე გასვლაც აქვს დაგეგმილი, თავდაპირველად აზერბაიჯანში, საბერძნეთში, უზბეკეთსა და სასომხეთში. მერე ვნახოთ, თუ 500Startup-ის საინვესტიციო კაპიტალს მოვიზიდავთ, შეიძლება მარსზეც გავყვეთ ილონ მასკს.