საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ არანაირი ძალადობა ვაჟკაცობა არ არის. საუბარია, ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ "ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის", ხოლო, ჯგუფური აგრესია "ძალიან არაქართულია".

"არანაირი ძალადობა არ შეიძლება იყოს ვაჟკაცობად განხილული. რა თქმა უნდა, მსგავს ინტერპრეტაციას ვერ დავეთანხმები არც ერთ, არც ჯგუფურ ვაჟკაცობას არ შეეფერება ძალადობა და რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და მასთან დაკავშირებულ ყველა განცხადებას. რადგან შესაძლებელია, რომ არასწორად გაგებული ან ინტერპრეტირებული იყოს საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, არანაირ ძალადობა არ არის ვაჟკაცობა", — განუცხადა წილოსანმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ამბობს, რომ მან "ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის", ხოლო, ჯგუფური აგრესია "ძალიან არაქართულია". ამის შესახებ მან დღეს, 15 ივლისს ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი, მე ეს ჯგუფური, აგრესიული, ძალადობა ადამიანებზე ძალიან მიუღებელია, ძალიან არაქართული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო ვაჟკაცობა ვიცი მე, ესაა აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ახალგაზრდები, არა ტყუილით, არა დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით".