ბაქოს ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერი არასანქცირებული აქცია მიმდინარეობა. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტში შეიჭრა.

14 ივლისის საღამოს მოქალაქეებმა ქუჩაში შეკრება და მსვლელობა დაიწყეს. როგორც გამოცემა Turan წერს, დემონსტრანტები სკანდირებდნენ "ყარაბაღი ჩვენია", "დიდება არმიას", "მთავარსარდალო, გამოაცხადე მობილიზაცია" და ა.შ.

დილის ოთხ საათზე დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტში შეიჭრა. 15-20 წუთში შენობაში პოლიციაც შევიდა და მოქალაქეებით გამოაძევა. რამდენიმემ პოლიციის მანქანა გადაატრიალა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ფოტო: Turan

ფოტო: Turan

მეოთხე დღეა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირებაა. გამოცემა AP წერს, რომ ორივე ქვეყნის მონაცემებით შეიარაღებული შეტაკებების დროს ჯამში 16 ადამიანი დაიღუპა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წელს დაიწყო. ეს ტერიტორია საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული, თუმცა ის უმეტესად ეთნიკურად სომხებითაა დასახლებული.

ამჯერად დაპირისპირება მთიანი ყარაბაღიდან მოშორებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რაც იშვიათად ხდება. სიტუაციის ესკალაცია აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის პროვინციის საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია.

დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთი "შეშფოთებულია" ძალადობის გამო და მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს. ორივე მხარე ესკალაციის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალადობა დაგმო და სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის კუთვნილმა დრონებმა ტავუშის პროვინციაში სამიზნედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს. თავდაცვის მინისტრმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დრონებიდან ერთ-ერთი ჩამოაგდეს. სტეპანიანმა აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოქალაქეების "ფარად" გამოყენებაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა არტილერია სოფელთან ახლოს განათავსა და სპეციალურად ჩააგდო საფრთხეში საკუთარი მოსახლეობა.

აზერბაიჯანის სამხედრო პირებმა დრონის დაკარგვის ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ თავად ჩამოაგდეს სომხური დრონი და სომხეთის საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.

სომხეთი აზერბაიჯანს სამთავრო ვებგვერდებზე კიბერშეტევის განხორციელებაშიც ადანაშაულებს. პაშინიანმა დაძაბულობაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და თქვა, რომ "გაუთვალისწინებელ შედეგებზე" სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი მომხდარს "სომხეთისგან მორიგი პროვოკაცია" უწოდა და დაიფიცა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაიცავს.

ასეთი მასშტაბის დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოს 2016 წელს იყო. მაშინ შეტაკება ოთხ დღეს გაგრძელდა.