კომპანია აჭარაბეთის მხარდაჭერით Startup Connect ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ შეჯიბრს — Startup World Cup-ს უმასპინძლებს. რეგიონალური ღონისძიება — Black Sea and Beyond Regional Competition საქართველოში პირველად გაიმართება, სტარტაპ შეჯიბრი 30 ივლისს მოეწყობა.

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის გარშემო 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალურ ტურზე კალიფორნიაში გაემგზავრება, მთავარი პრიზის მოსაპოვებლად.

"აჭარაბეთისთვის, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარადჭერით საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებას და გაძლიერებას ვუწყობთ ხელს. ეს არის უნიკალური პლატფორმა სადაც თავს იყრის ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპი და ახლა უკვე საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. ყველა მონაწილეს აქვს შანსი მოიპოვოს დაფინანსება და გახდეს წარმატებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მინდა ვუსურვო წარმატება და გამარჯვება ყველა ქართულ სტარტაპს", — აცხადებს აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას, დაამყაროს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

მონაწილოების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია Startup World Cup-ის ვებგვერდზე.