ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში მიმდინარე ანტირასისტული პროტესტების გამო განსაკუთრებით გაიზრდა ინტერესი რასიზმის შესახებ შექმნილი ფილმების, სერიალებისა თუ წიგნების მიმართ.

მათ შორისაა არაერთი ოსკარის ნომინანტი ფილმი The Help, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოსურათია, რაც რასიზმის შესახებ გადაუღიათ, თუმცა ბევრი აქტივისტი და თავად აფროამერიკელი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი სათქმელის გადმოსაცემად ეს ფილმი სულაც არ არის საუკეთესო საშუალება.

ფილმის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ვაიოლა დევისიც ფიქრობს, რომ მოსამსახურე მხოლოდ თეთრკანიანი მაყურებლებისთვისაა შექმნილი:

"მრავალი თვალთახედვა არსებობს, თუ რას ნიშნავს შავკანიანად ყოფნა, მაგრამ... ეს ფილმი მხოლოდ თეთრკანიანი აუდიტორიის საამებლადაა შექმნილი".

Vanity Fair-თან ინტერვიუში ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ის არ ნანობს ფილმის რეჟისორთან და სამსახიობო გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობას, თუმცა საბოლოოდ გულდაწყვეტილია თავისი პერსონაჟის, ეიბილინ კლარკის რეპრეზენტაციით, რომლის ისტორიაც თეთრკანიანი ადამიანის პერსპექტივითაა მოყოლილი.

"საუკეთესო შემთხვევაში ამ ფილმის ნახვისას თეთრკანიანი მაყურებელი დაჯდება და აკადემიურ გაკვეთილს მიიღებს, თუ რა დღეში ვართ დღეს ჩვენ. შემდეგ ისინი გამოვლენ კინოთეატრიდან და ისაუბრებენ, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი მათთვის. ისინი სულაც არ იდარდებენ იმაზე, რისი გამოვლაც მოგვიწია მანამდე", — განაცხადა დევისმა.

ვაიოლა დევისი ფილმში მოსამსახურე.

ფოტო: DreamWorks

54 წლის მსახიობი ფიქრობს, რომ ამ პროექტში მონაწილეობით მან საკუთარ ღირებულებებს დააღალატა:

"ამ ფილმით ყველამ ისიამოვნა, თუმცა ჩემი რაღაც ნაწილი მკარნახობს, რომ საკუთარ თავს ვუღალატე და ასევე ჩემს ხალხს, რადგან ვითამაშე ფილმში, რომელიც არ იყო მზად (სრული სიმართლის სათქმელად)".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვაიოლა დევისმა ფილმზე მოსამსახურე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა: 2018 წელს მან აღნიშნა, რომ ის ამ ფილმში მონაწილეობას ნანობს, რადგან ის სწორად და სრულად არ ასახავს შავკანიანი მოსახლეობის პრობლემებს:

"გადაღებების დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ამ ფილმში მოსამსახურეების ხმები სათანადოდ არ ისმოდა. მე ვიცნობ ამ პერსონაჟების — ეიბილინისა თუ მინის პროტოტიპებს. ისინი არიან ბებიაჩემი და დედაჩემი. თუ ქმნი ფილმს, რომლის მიზანიცაა აჩვენოს ყველას, თუ როგორი იყო 1963 წელს თეთრკანიანებისთვის მუშაობა, მაშინ ბოლომდე უნდა გააკეთო ეს და დამანახო, თუ რას გრძნობ. ამ ფილმში ეს არასდროს მიგვრძნია".