იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.

Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს. ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24-საათიან სტაბილურ მომსახურებას.

"წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით," - აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, — "ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით."

"ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები — ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან." — ნათქვამია სტატიაში.

"შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს", — ამბობს გურგენიძე. "AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს - გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება."

სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით.