დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მხარი დაუჭირეს სადაო კანონპროექტს, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ეხება. პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

კომიტეტში მოსმენა დილით უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა ჯერ საღამოს ოთხისთვის გადაიწია და საბოლოოდ ათის ნახევარზე დაიწყო. განხილვები ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

აღნიშნულ ცვლილებას ოპოზიციაში საშიშს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ბიზნესს დააზარალებს და ინვესტიციებს შეამცირებს. ცვლილებებს არ იზიარებენ სფეროს წარმომადგენლები.

კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური კი ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო.