სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე მესამე დღეა, დაძაბული ვითარებაა. AP-ის ცნობით, ორივე მხრიდან დაღუპულია ჯამში 16 ადამიანი. აზერბაიჯანის განცხადებით, დღეს დაპირისპირებას მათი ერთი გენერალი და ხუთი ოფიცერი ემსხვერპლა. სომხეთი კი აცხადებს, რომ მოკლულია მათი ოთხი ჯარისკაცი. მათ შორის ორი — ოფიცერი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წელს დაიწყო. ეს ტერიტორია საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული, თუმცა ის უმეტესად ეთნიკურად სომხებითაა დასახლებული.

ამჯერად დაპირისპირება მთიანი ყარაბაღიდან მოშორებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რაც იშვიათად ხდება. სიტუაციის ესკალაცია აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის პროვინციის საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია.

დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთი "შეშფოთებულია" ძალადობის გამო და მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს. ორივე მხარე ესკალაციის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალადობა დაგმო და სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის კუთვნილმა დრონებმა ტავუშის პროვინციაში სამიზნედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს. თავდაცვის მინისტრმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დრონებიდან ერთ-ერთი ჩამოაგდეს. სტეპანიანმა აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოქალაქეების "ფარად" გამოყენებაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა არტილერია სოფელთან ახლოს განათავსა და სპეციალურად ჩააგდო საფრთხეში საკუთარი მოსახლეობა.

აზერბაიჯანის სამხედრო პირებმა დრონის დაკარგვის ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ თავად ჩამოაგდეს სომხური დრონი და სომხეთის საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.

სომხეთი აზერბაიჯანს სამთავრო ვებგვერდებზე კიბერშეტევის განხორციელებაშიც ადანაშაულებს. პაშინიანმა დაძაბულობაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და თქვა, რომ "გაუთვალისწინებელ შედეგებზე" სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰან ალიევმა კი მომხდარს "სომხეთისგან მორიგი პროვოკაცია" უწოდა და დაიფიცა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაიცავს.

ასეთი მასშტაბის დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოს 2016 წელს იყო. მაშინ შეტაკება ოთხ დღეს გაგრძელდა.