2019 წელს, თბილისში, პავლე ინგოროყვას 22 ნომერში გაიხსნა პირველი რეცეპტების მუზეუმი, რომლის მიზანიც ძველი და ახალი კულინარიული რეცეპტების შენახვაში მდგომარეობს. საზოგადოებისა და მედიის აქტიური ჩართულობით რეცეპტების მუზეუმში 800-მდე ხალხური და საავტორო რეცეპტი შევიდა, რომელთა შენახვასაც მუზეუმი ციფრულად გეგმავდა. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კი გაციფრულების ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

"ფაქტობრივად გამოვიდა რომ, პანდემიის დროს საქართველოში დაიბადა მსოფლიოში პირველი ციფრული რეცეპტების მუზეუმი", — აცხადებს მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი, გვანცა მიქანაძე.

ციფრული რეცეპტების მუზეუმის გუნდს უკვე შემოუერთდნენ მსოფლიო დონის პროფესიონალები კვების ინდუსტრიის სფეროდან. მათ რიცხვში არიან რესტორნების, კერძების მოდისა და ამ ინდუსტრიის განვითარებაში ჩართული სხვა ადამიანები, კრიტიკოსების ჩათვლით.

ფოტო: გვანცა მიქანაძე — ციფრული რეცეპტების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი

ციფრული რეცეპტების მუზეუმი მილენიუმის პროექტია და ის სრულად ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული. გვანცას თქმით, ამჟამად მუზეუმის გუნდი ქმნის ინოვაციურ ალგორითმს, რომელიც ადამიანის სოციალურ ქცევას მინიმუმ 50 წლის განმავლობაში შეცვლის. იგი ხელს შეუწყობს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ხოლო კვების ინდუსტრიისთვის მომხმარებლამდე მისასვლელ გზას მაქსიმალურად დაამოკლებს.

"ეს არის სივრცე, სადაც ინდივიდუალური ისტორიები დროს გაუძლებს და მსოფლიოში ყველაზე დიდი კულინარიული ბიბლიოთეკის ალგორითმი დაიბადება. ეს არის ისეთი ცოცხალი მუზეუმი, რომელიც, წარსულს აწმყოს და მომავალს ერთ ბიზნეს მოდელში აერთიანებს", — აგრძელებს საუბარს გვანცა.

ციფრული რეცეპტების მუზეუმის განმარტებით, აქ შესაძლებელი იქნება VR-ის საშუალებით დროში მოგზაურობა და მომავლიდან წარსულის მზარეულის დანახვა.

სამუშაო პროცესზე საუბრისას გვანცა აღნიშნავს: "თუკი სიტყვა ინოვაცია საზოგადოებისთვის რაიმეს გამარტივებას ნიშნავს, ინოვატორისთვის ეს სირთულის სინონიმია. ახლა დუღილის პროცესში ვიმყოფებით და თითოეული იდეის ნაპერწკალიც რთულ ხანძრებში გადადის. თუმცა, ჩვენი ერთ გუნდად შეკრული არმია ყველა სირთულეს მამაცურად უმკლავდება".

ციფრული რეცეპტების მუზეუმის იდეის დაბადებისთანავე მის მიმართ დიდი ინტერესი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე მაშინვე გაჩნდა. იდეის ავტორებს სცენა Tedx Tbilis-მა დაუთმო, რის შემდეგაც პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს შეფ მზარეულებმა პორტუგალიიდან, მექსიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან. კომერციული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს მიშელინის ვარსკვლავიან რესტორნებთანაც.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აქ კვების საშუალო და დიდი კომპანიები პროექტის კომერციალიზაციისთვის აქტიურად ემზადებიან.