თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნა მიღებული.

როგორც GDI-ში აცხადებენ, მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.