ახალი მოდელის მიხედვით, მთვარე იმაზე ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე ეს მეცნიერებს აქამდე ეგონათ. ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევრებმა მთავრის ახალი ასაკი განსაზღვრეს: იგი 4,51 მილიარდი წლის მაგივრად 4,425 მილიარდი წლისაა — ზედა და ქვედა ზღვარზე 25 მილიონი წლის ცდომილებით. ამ სიახლემ კი, შესაძლოა, მის ფორმირებასთან დაკავშირებული საიდუმლოებები გამოააშკარაოს.

მთვარის წარმოქმნის შესახებ ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, დედამიწას მარსის ზომის პლანეტა შეეჯახა, შეჯახების დროს წარმოქმნილმა ნივთიერებათა ნარჩენებმა კი დროთა განმავლობაში მთვარე წარმოქმნა. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დედამიწა, შესაძლოა, მაგმის ოკეანით ყოფილიყო დაფარული. ამ ახალი კვლევის მიხედვით კი, მთვარეც ერთ დროს სწორედ ათასი კილომეტრის სიღრმის მაგმის ოკეანით იყო დაფარული.

აზრთა სხვადასხვაობას ამ ოკეანის გაგრილების პროცესი იწვევს: არსებული მოდელების მიხედვით, მთვარე შექმნიდან 35 მილიონი წლის შემდეგ გამკვრივდა.

"კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მთვარის მაგმის ოკეანე გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და თითქმის 200 მილიონი წელი დასჭირდა, რათა ბოლომდე გამკვრივებულიყო", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა და გერმანიის საჰაერო და კოსმოსური სივრცის ცენტრის გეოფიზიკოსმა მაქსიმე მაურიჩიმ.

იმის მოდელირებით, თუ როგორ წარმოიქმნა მთვარის ქვები მაგმის ოკეანიდან, გუნდმა თანამგზავრის ახალი ასაკის დადგენა შეძლო. ეს მიგნება ასევე დედამიწის ისტორიაზეც ახდენს გავლენას, რადგან ამ თეორიის თანახმად, დედამიწის ბირთვი და მთვარე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს წარმოიქმნა.