NASA-ს და პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსების გუნდმა დანიელ ტამაიოს ხელმძღვანელობით ახალი AI, SPOCK ("პლანეტის ორბიტულ კონფიგურაციათა სტაბილურობის განმსაზღვრელი") შექმნა, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ეგზოპლანეტების ბედი — რომელი მათგანი შეინარჩუნებს სტაბილურობას და რომელი მათგანი განადგურდება ვარსკვლავებთან ან სხვა სამყაროებთან შეჯახებით. სტარ ტრეკის ცნობილი პერსონაჟის სეხნია ამ დავალებას იმაზე ბევრად ზუსტად ასრულებს, ვიდრე ადამიანებს შეუძლიათ.

ტამაიომ გააანალიზა, რომ მანქანური დასწავლის ალგორითმით მას მსგავსი გამოთვლების აჩქარება შეეძლო. შედეგად მის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი იმ გამოანგარიშებებს, რომლებსაც ადამიანები ათასობით საათს ანდომებენ, წუთებში ასრულებს.

ეგზოპლანეტა პირველად 1995 წელს აღმოაჩინეს, ხოლო დღეს ჩვენთვის უკვე 4 ათასზე მეტი პოტენციურად სასიცოცხლოდ ვარგისი პლანეტაა ცნობილი. პრესასთან საუბრის დროს ტამაიომ აღნიშნა, რომ ამ პლანეტებიდან 700 ისეთ ვარსკვლავურ სისტემაშია, სადაც ერთზე მეტი პლანეტაა, რაც მათ განადგურების პოტენციური საფრთხის ქვეშ აყენებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ კატეგორიულად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პლანეტა დიდხანს იარსებებს, ეს კი მალე აფეთქდება. ჩვენი მიზანი ამ სისტემებში პოტენციური არასტაბილური შესაძლებლობების გამოვლენაა", — განაცხადა დანიელ ტამაიომ.

ტრადიციულად, მეცნიერებისთვის პოტენციური საფრთხის გამოვლენა რთულ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. SPOCK კი პრობლემას ბევრად სწრაფად და მოქნილად აგვარებს: იგი პლანეტის 10 ათასი ბრუნის სიმულირებას ახდენს, შემდეგ ამ ორბიტის დინამიკაზე დაყრდნობით მანქანური დასწავლის ალგორითმს გამოწვრთნის, რის შედეგადაც ის ციურ სხეულთა შეჯახებების წინასწარ განსაზღვრას ახერხებს.

ტამაიოს თქმით, ხელოვნურ ინტელექტს SPOCK ნაწილობრივ იმიტომ შეარქვეს, რომ ის განსაზღვრას, რამდენად "დიდხანს იცოცხლებს და იხარებს" ესა თუ ის პლანეტა.