Disney+ ვარსკვლავური ომების ახალ ანიმაციურ სერიალზე იწყებს მუშაობას. პროექტს The Mandalorian-ის რეჟისორი და Star Wars: The Clone Wars-ის შემქმნელი დეივ ფილონი გაუძღვება.

ახალი ანიმაციური სერიალი Star Wars: The Bad Batch მოგვითხრობს ე.წ. Bad Batch-ის ელიტური და ექსპერიმენტული კლონების შესახებ (რომლებიც პირველად The Clone Wars-ში გამოჩნდნენ), რომლებიც კლონების ომის შედეგების შემდეგ ძალიან სწრაფად ცვალებად გალაქტიკაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ. Bad Batch არის უნიკალური რაზმი კლონებისა, რომლებიც კლონების ჯარში მყოფი თანამოძმეებისგან გენეტიკურად განსხვავდებიან. მის თითოეულ წევრს ერთი გამორჩეული უნარი აქვს, რაც მათ წარმოუდგენლად ეფექტურ ჯარისკაცებად და შესანიშნავ რაზმად აქცევს. კლონების ომის შემდგომ ეპოქაში რაზმი ახალი დანიშნულების პოვნას ცდილობს, პარალელურად კი მათ რთული მისიებისთვის იქირავებენ.

ფოტო: Lucasfilm

შოუს მთავარი პროტაგონისტები ცოტა ხნის წინ The Clone Wars-ის ფინალურ სეზონში გამოჩნდნენ, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ბოლო სეზონით დაბრუნდა Disney Plus-ზე ამ წლის დასაწყისში.

"ახალი და ძველი ფანებისთვის Star Wars: The Clone Wars-ის უკანასკნელი თავის ჩვენება დიდი პატივი იყო Disney Plus-ისთვის და ძალიან გვახარებს საერთაშორისო გამოხმაურება ამ შესანიშნავ სერიალზე. მართალია, Clone Wars დასრულდა, მაგრამ Lucasfilm Animation-ის გასაოცარ მთხრობელებსა და მხატვრებთან ჩვენი კოლაბორაცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, დეივ ფილონის ხედვა Bad Batch-ის ახალი თავგადასავლებით გავაცოცხლოთ", — ამბობს Disney Plus-ის კონტენტის სენიორ ვიცე-პრეზიდენტი აგნეს ჩუ.

მართალია, პანდემიის მიმდინარე მოვლენებმა მთელი ჰოლივუდი გაყინა, მაგრამ ვარსკვლავური ომების ფანებს The Bad Batch-ის გამოსვლამდე The Mandalorian-ის მეორე სეზონით დატკბობაც შეეძლებათ, რომლის პრემიერაც ჯერ ისევ ოქტომბერშია დაგეგმილი Disney Plus-ზე.