პარლამენტმა შრომის კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები ერთდროულად 12 კანონში შედის.

პროექტში ერთ-ერთი საკვანძო საკითხად მიიჩნევა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და შრომითი ინსპექციის გაძლიერება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღუარების ტარიფის დაწესება, ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირება. კანონპროექტში ასევე წარმოდგენილია ვალდებულება, რომ შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.

ინიციატივა, ასევე, გულისხმობს შრომის ინსპექციის უფლებამოსილების განსაზღვრას შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით. შრომით დებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოთავაზებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც გაფრთხილება ასევე ჯარიმა.

დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტით დაარეგულირდება დისკრიმინაციის აკრძალვა, ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი, არასრული და ზეგანაკვეთური სამუშაო განაკვეთი, დასვენების-შესვენების უფლება, ცვლაში და ღამით მუშაობა, ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებად შვებულების უფლებას, შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი და ა.შ.