ყაზახეთში, აბრშუმის დიდ გზაზე ათასი წლის წინანდელი კატის ძვლები იპოვეს, რომელიც კვლევის მიხედვით, მომთაბარე მწყემსებს ეკუთვნოდათ. ამასთან, ცნობილია, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლე მწყემსები თან მხოლოდ აუცილებელ ნივთებს ატარებდნენ.

არქეოლოგებმა კატის თითქმის დაუზიანებელი ძვლები ქალაქ ჯანკენტის გათხრების დროს აღმოაჩინეს — იქ, სადაც თურქულენოვანი ხალხი ბინადრობდა.

"ოღუზი თურქები შუა საუკუნეებში ცენტრალური აზიის სტეპებში, ამჟამინდელი მონღოლეთის და ყაზახეთის ტერიტორიებზე ბინადრობდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი — სტეპებში იქამდე ათასობით წლით ადრე მცხოვრები ადამიანების მსგავსად — მომთაბარეობდნენ და მათი მეურნეობა ცხვრებზე, თხებზე და ცხენებზე იყო დამოკიდებულები", — განაცხადა კვლევის ავტორმა ეშლი ჰარუდამ.

კატის ძვლების ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოველს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და კბილებიც აკლდა, რაც მკვლევრების აზრით ნიშნავს, რომ გადასარჩენად მას ადამიანის ზრუნვა სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, კატა კარგად იკვებებოდა: მას ჯანსაღ, ცილების შემცველ საკვებს აძლევდნენ, მათ შორის თევზსა და ფეტვს.

ხოლო გენეტიკური ანალიზით გაირკვა, რომ კატა ზრდასრული მამრი იყო და შუა აღმოსავლეთის შინაური კატების პოპულაციას მიეკუთვნებოდა.

ფოტო: Ashleigh Haruda

"ყველა მტკიცებულება ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ძვლები მიგვანიშნებს, რომ ცხოველი ძალიან ბევრი ტრავმით იტანჯებოდა, თუმცა გადარჩენა მაინც მოახერხა. ყველაზე მეტად ინფორმაციული დაკარგული კბილები აღმოჩნდა. მას არც ეშვები ჰქონდა და არც ზოგიერთი სხვა კბილი, რაც ცხოველისთვის წარმატებულად ნადირობას შეუძლებელს ხდიდა", — განაცხადა ჰარუდამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ უბრალოდ გარეთ დატოვების ნაცვლად, კატა განზრახ დამარხული იყო.

"ოღუზი თურქები ცხოველებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტოვებდნენ, თუკი იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. მაგალითად, ძაღლები სჭირდებოდათ, რადგან ისინი ცხვრების ფარას იცავდნენ. აი, კატებს კი იმ დროისთვის არანაირი აშკარა სარგებელი არ მოჰქონდათ", — განმარტავს ჰარუდა.

ასევე ხაზგასასმელია, რომ ოღუზი თურქები აგრარულ საზოგადოებას არ წარმოადგენდნენ. შესაბამისად, მათ ვერ ექნებოდათ მარცვლეულის დიდი მარაგები, რომელთა მღრღნელებისგან დაცვა დასჭირდებოდათ.

მკვლევრების მიხედვით, მსგავსი უკბილო კატის ყოლა, რომელსაც აშკარა სარგებელი არ მოჰქონდა, იმ ფართო კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე მიუთითებს, რომლებიც ადრეულ შუა საუკუნეებში მომხდარ ურბანიზაციის პროცესს უკავშირდება. ასევე შესაძლებელია, რომ კატა ამ ადგილას დიდ სავაჭრო გზაზე გაჩაღებული აღებ-მიცემობის შედეგად აღმოჩენილიყო.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.