უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობას არ უნდა აფუჭებდეს. დიმიტრი კულება აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები არის კერძო პირის და არა სრულად მთვარობის პოზიცია.

"მთლიანად ვითარება სამწუხაროა, რადგან ხდება შემდეგი რამ: არსებობს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს უფლება, წარმოაჩინოს სახელმწიფო პოზიცია, მაგრამ აქტიურად აფასებს არჩევნების წინ საქართველოში არსებულ ვითარებას. ეს მოქალაქეა მიხეილ სააკაშვილი და ყოველი მისი გამოსვლა სრულდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით თავიანთ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. დისბალანსი კი ის არის, რომ კერძო პირი სიტყვით გამოდის და სახელმწიფო ამის გამო, ბოდიშებს იხდის", — განაცხადა დიმიტრი კულებამ.

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს ესმის საქართველოში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობა და ამასთან, აფასებს საქართველოსთან მეგობრობას.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ უკრაინიდან ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამოძახებული ელჩის კონსულტაციები კიდევ არ დასრულებულა. მისი თქმით, ქართული მხარე სიტუაციის განვითარების ადეკვატურად იმოქმედებს და მიხეილ სააკაშვილის ქცევას დააკვირდება.

"ჩვენ ძალიან მკაფიო, დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით, როცა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა საქართველოს მოთხოვნა და გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ეს კონსულტაციები კიდევ არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ადეკვატური იმ სიტუაციის, რა სიტუაციაც განვითარდება, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან: გაარგძელებს ის თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, უხეშ ჩარევას ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაში", — განაცხადა ზალკალიანმა იმედის ეთერში.

ელჩი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშნეს.

ზალკალიანის თქმით, ელჩის გამოწვევის მიზანი მასთან კონსულტაციების გავლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან ქვეყნებს შორის ურთიერთობები ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან.