ტერაბანკის საკომუნიკაციო კამპანია ტერა ბოტინი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ White Square 2020-ზე ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან ჯილდო მედიის კატეგორიაში - ინფლუენსერ კამპანიაში მიიღო.

ტერა ბოტინის კამპანიით ტერაბანკმა გასულ წელს პირველი ონოვაციური, ინფლუენსერი ბოტი წარადგინა. ბოტი მომხმარებლებს ბანკის სერვისებისა თუ ოპერაციების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაში ეხმარებოდა. საკომუნიკაციო კამპანიის ეფექტური იდეა და განხორციელება სარეკლამო კომპანია ლივინგსტონს ეკუთვნოდა.

ტერაბანკის ბოტი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, როგორც ინფლუენსერი ახალგაზრდა ქალი - ტერა ბოტინი, რომელსაც წარმატებული ფინანსური კარიერა ჰქონდა, ფლობდა პრესტიჟულ ჯილდოს, უძღვებოდა პერსონალურ ბლოგს, პოპულარიზაციას უწევდა ცხოვრების ჯანსაღ წესს, კარგად ერკვეოდა ხელოვნებასა და მოდაში, იცავდა ქალთა უფლებებს, აპროტესტებდა ოკუპაციას, აუდიტორიას საკუთარ ცოდნას უზიარებდა და მას ფინანსების უკეთ მართვაშიც ეხმარებოდა.

ეფექტურმა კამპანიამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ტერა ბოტინს უამრავი ადამიანი ესაუბრებოდა ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის რეალური არ იყო. ბევრისთვის იგი არა მარტო ფინანსური მრჩეველი, არამედ მეგობარიც გახდა. უამრავმა დაიჯერა, რომ ტერა ბოტინი წარმატებული ქართველი გოგო იყო, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა. მას ეკითხებოდნენ რჩევებს, სთხოვდნენ დახმარებას, იწვევდნენ გადაცემებში და სთავაზობდნენ სამსახურს. საბოლოოდ, სიმართლე ყველას თავად ტერა ბოტინმა ამცნო.

"როდესაც ლივინგსტონმა კამპანიის იდეა შემოგვთავაზა მის დეტალებზე, ფორმასა და შინაარსზე ბევრს ვმსჯელობდით. ვღელავდით კიდეც, რადგან არ ვიცოდით, საზოგადოება ტერა ბოტინის პერსონაჟს როგორ მიიღებდა. საბოლოოდ, მაინც ლივინგსტონის კონცეფციას გავყევით, რომელმაც ძალიან გაამართლა და დღეს ეს უკვე არა მარტო პროდუქტის პოპულარობამ, არამედ ამ საერთაშორისო აღიარებამ და ჯილდომაც დაადასტურა", — იხსენებენ ტერაბანკში.

White Square აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიკაციების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია. ტერაბანკის ბოტისთვის კი ეს პირველი საერთაშორისო აღიარებაა. სულ ქართულმა სარეკლამო სააგენტოებმა წლევანდელ ფესტივალზე 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მიიღეს.