საქართველოს სახელმწიფო საწარმოები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კორუფციის პრევენცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავში განხილულია პოლიტიკური გავლენა სახელმწიფო საწარმოების მართვაზე. TI-მ გამოავლინა, რომ საწარმოების მართვაზე იკვეთება პოლიტიკური ზეგავლენა, მმართველ თანამდებობებზე ინიშნებიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და სახელმწიფო საწარმოებში დაფიქსირდა თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების დასაქმების არაერთი შემთხვევა.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ კვლევის ფარგლებში, 5 საწარმო შეარჩია, რომლებიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაარსდა:

  1. სს საქართველოს რკინიგზა;
  2. შპს საქართველოს ფოსტა;
  3. სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია;
  4. სს საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა;
  5. სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი.

საქართველოს ფოსტა:

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, 2010 წლის მარტში, კახა ბაინდურაშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ფოსტის გენერალურ დირექტორად კი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან სანაძე დაინიშნა.

TI-ს კვლევის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილება სახელმწიფო საწარმოების მმართველ რგოლებზეც აისახა:

"2012 წლის ოქტომბერში ფოსტის გენერალური დირექტორი მისი მოადგილეები შეიცვალნენ . გენერალური დირექტორის პოსტი ლევან სანაძის ნაცვლად , ლევან ჩიკვაიძემ დაიკავა, რომელიც მანამდე ამომრჩეველთა ლიგის დირექტორის პოსტს იკავებდა."

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან ჩიკვაიძის დანიშვნას, იმ დროს მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებაც მოჰყვა, ოფიციალურ მიზეზად საბჭოს არაეფექტიანი მოქმედება დასახელდა . TI-სთვის გაურკვეველია, რა ნიშნით მოხდა ფოსტის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლევან ჩიკვაიძის შერჩევა, ხოლო შემდგომში ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება. ასევე, 2012 წლამდეც და საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, ბუნდოვანი იყო აქციონერთა კრების მიერ გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესიც. კვლევის მიხედვით, ლევან ჩიკვაიძის საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტის დანიშვნის შემდეგ საქართველოს ფოსტის შემოსავლები და წმინდა მოგება შემცირდა, ხოლო 2014 წელს გასულ წლებთან შედარებით სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა.

საქართველოს რკინიგზა:

საერთაშორისო გამჭვირვალობის ცნობით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა და მენეჯმენტი საქართველოს რკინიგზაშიც შეიცვალა:

"საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 27 ნოემბერს ამომრჩეველთა ლიგის კიდევ ერთი დამფუძნებელი, კოკა გუნცაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც და 2013 წლიდან ამ პოსტს მამუკა ბახტაძე იკავებს."

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია:

კვლევის თანახმად, 2012 წლის ნოემბერში, საპარტნიორო ფონდის ინიციატივით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ ჯღარკავა დავით თვალაბეიშვილმა ჩაანაცვლა:

"შემდეგ წლებში კომპანიის მმართველობაში კიდევ რამდენიმე ცვლილება მოხდა. მათ შორის, კომერციულ საკითხებში დირექტორის პოსტი კოკა კოკოლაშვილმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ დავით თვალაბეიშვილი და კოკა კოკოლაშვილი პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების დამფინანსებელთა სიაშიც ფიგურირებენ."

საპარტნიორო ფონდი:

TI-ს ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური იკავებდა. მისი ერთ-ერთი მოადგილე კი ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე იყო.

"2012 წლის ნოემბრიდან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ირაკლი კოვზანაძემ დაიკავა. 2015 წლიდან, კოვზანაძე ამ პოსტზე ქართული ოცნებიდან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ შეცვალა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი ირაკლი კოვზანაძე პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო სიით საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გახდა."

სახელმწიფო საწარმოების მმართველობაზე პოლიტიკური გავლენის სხვა შემთხვევები, კვლევის მიხედვით:

  • 2016 წელს, ქართული ოცნების საპარლამენტო სიით, დეპუტატი გახდა გია ბენაშივილი, რომელიც 2015 წლის ზაფხულამდე შპს ყასტრანსგაზ თბილისის სპეციალური მმართველი იყო. 2015 წლის ზაფხულიდან კი საქათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.
  • 2012 წლის არჩევნების შემდეგ, თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში ენმ-ის წარმომადგენლები დაინიშნენ. მაგალითად: 2012 წლის ნოემბერში თბილისის მერიამ შპს სინათლის ქალაქი შექმნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად კობა ხაბაზი, ლადო ვარძელაშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები დაინიშნენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პოზიცია დაიკავა ენმ-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

TI-სთვის კითხვებს აჩენს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია შეიქმნება, მისი ხელმძღვანელი კი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი იქნება:

"უმრავლესობის ყოფილი წევრების ყოველგვარი კონკურსისა და გამჭვირვალე პროცესის გარეშე, ბუნდოვანი კრიტერიუმებით სახელმწიფო კომპანიების მმართველ თანამდებობებზე დანიშვნა, აღრმავებს ეჭვს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების "დაჯილდოებაა" და არა საწარმოს ეფექტური მმართველის შერჩევა."

სახელმწიფო საწწარმოებში თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმების კონკრეტული ფაქტები საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში:

  • 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი შოთაძის, მთავარი პროკურორის მამა, ჯემალ შოთაძე სს საქართველოს რკინიგზის ტექნიკური სამსახურის კონსულტანტია. 2016-ში ჯემალ შოთაძემ 21 440 ლარი გამოიმუშავა, 2015 წელს, იმავე სამუშაოსთვის მან 9 520 ლარი მიიღო, 2014 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში კი ჯემალ შოთაძის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, გიორგი ბადაშვილის 2013 და 2014 წლების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ბადაშვილის მამა, ნუგზარ ბადაშვილი შპს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში იურისტად მუშაობდა. 2012 წელს მისი შემოსავალ 8 223 ლარი იყო, 2013 წელს კი 20 580ლარი. 2015 წლის დეკლარაციის თანახმად, ნუგზარ ბადაშვილი სს საქართველოს რკინიგზის კონტროლისა და აუდიტის განყოფილების თანამშრომელია და მისი წლიური შემოსავალი 39 196 ლარია. ამის შემდეგ შევსებულ დეკლარაციაში ბადაშვილის შემოსავალი 56 202 ლარს შეადგენს.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის 2013 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, მისი ოჯახის წევრების სამსახურის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის. 2014 წლის დეკლარაციაში გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფელაშვილი სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მთავარ სპეციალისტადაა მითითებული, მისი შემოსავალი კი 12 000 ლარია. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, თეა მარტყოფელაშვილი შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედაა მითითებული, მისი წლიური შემოსავალი კი 59 280 ლარია.
  • ნათია მიქელაძე 2012 წლიდან 2015 წლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მიქელაძის მეუღლის, გიორგი ჩხიკვაძის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება. მანამდე ჩხიკვაძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გორის ცენტრალური საწყობის უფროსად მუშაობდა. 2015 წლის დეკლარაციის თანახმად, მიქელაძის მეუღლე შპს მარაბდა კარწახის რკინიგზაში სპეციალისტად მუშაობდა და წლის მანძილზე 26 183 ლარი გამოიმუშავა.
  • ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე 2014 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა. 2008-2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, ირაკლი ხმალაძის მეუღლე თამარ მცხვეთაძე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი იყო. 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კი, მინისტრის მოადგილის მეუღლეს გასული წლის მანძილზე ანაზღაურებადი სამუშაო შესრულებული აქვს სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც, სადაც უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მან წლის მანძილზე 16 500 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, 2014-2016 წლების ქონებრივი დეკლარაციები ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის რანგში აქვს შევსებული. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ზურაბ პატარაძის მეუღლის სოფიო ბაკურიძის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის. 2015 და 2016 წლების დეკლარაციების მიხედვით კი სოფიო ბაკურიძე ყაზახეთში სს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლობაში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოსტს იკავებდა. ამ თანამდებობაზე ბაკურიძემ 2014 წელს 8 000, 2015 წელს კი 9 600 აშშ დოლარი გამოიმუშავა.
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ხუნდაძის 2013 წლის დეკლარაციაში მეუღლის ხათუნა ფხალაძის საქმიანი კავშირი შპს საქართველოს ფოსტასთან არ ფიგურირებდა. ხუნდაძის 2014, 2015 და 2016 წლების ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, კი 2013 წლიდან, მის მეუღლეს შპს საქართველოს ფოსტის გადაზიდვების სამსახურის სატერმინალო მომსახურების ჯგუფის უფროსის პოსტი უჭირავს, საიდანაც 2013 წელს მისი წლიური შემოსავალი 19 399 ლარი იყო , 2014 წელს - 26 315, 2015 წელს კი 26 599 ლარი.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ოთარ იაშაღაშვილს 2012, 2013 და 2014 წლების ქონებრივი დეკლარაციები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აქვს შევსებული. ამ პერიოდში მას ოჯახის წევრების მიერ შესრულებული რაიმე ანაზღაურებადი სამუშაო და აქედან მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 2015 წელს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის რანგში შევსებული დეკლარაციის თანახმად კი, ოთარ იაშაღაშვილის და, თამთა იაშაღაშვილი შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად დასაქმდა და წლის მანძილზე 14 400 ლარის შემოსავალი მიიღო.
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვანო ნასყიდაშვილს 2008-2010 წლებში დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, 2012-2013 წლებში, როგორც მოადგილეს და 2014-2015 წლებში კვლავ როგორც გამგებლის პირველ მოადგილეს. 2008 წლის დეკლარაციის მიხედვით , მისი მეუღლე, ხათუნა თურმანაული სახალხო ფოსტის ახმეტის ფილიალში მუშაობდა, თუმცა 2009 და შემდგომი წლების დეკლარაციების თანახმად, გამგებლის მოადგილის მეუღლეს შპს ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი ბუღალტერის პოსტზე მუშაობს.