76 მომხრე, 2 წინააღმდეგი — პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. კანონპროექტში ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა, რადგან შეზღუდვებს ვადა 15 ივლისს ეწურებოდა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შეზღუდვების გახანგრძლივება კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის გამოა საჭირო. ამავე დროს, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და მთავრობისთვის უფლებამოსილების გახანგრძლივება დემოკრატიულ პროცესებს ზიანს მიაყენებს.

"წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა", — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქართულმა ოცნებამ მაისში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

აღნიშნულის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.