უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს ორივე ხელით მხარს დაუჭერს. აღნიშნული კანონპროექტით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, რომ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს.

როგორც არველაძემ თქვა, დროებითი მმართველის დანიშვნა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ეს პრაქტიკამ ენერგეტიკის სფეროში უკვე არსებობს და კარგი შედეგი გამოიღო.

"რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს, აქ ძალიან სერიოზული შემოთავაზებაა და მე ორი ხელით ვუჭერ მხარს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სფეროში ათეულობით მილიონი ვალები დაუგროვდათ სახელმწიფოს წინაშე და ვერანაირად ვერ მოხერხდა და მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელ კომისიას ამის უფლება აქვს, არ იყო სწორი საერთოდ გათიშოს ესენი, შეუჩეროს ლიცენზია და ა.შ", — განაცხადა არველაძემ.

ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.

კანონპროექტის პირველი განხილვა კამათის ფონზე წარიმართა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, კახა ბექაური მედიის წარმომადგენლებს უმტკიცებდა, რომ ცვლილებები არ შეეხება მაუწყებელს და ეს ინფორმაცია ტყუილია. ამავდროულად, ჯანგირაშვილი მოუწოდებდა პარლამენტს, რომ გაიწვიონ ცვლილებები და მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებდა.

დღეს პარლამენტში, დარგობრივი კომუნიკაციების კომიტეტში, კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს.