ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატ, ზურაბ ჭიაბერაშვილთან კომიტეტის სხდომაზე კამათისას თქვა, რომ "საოკუპაციო ზოლთან გამწვავებული სიტუაცია მათი [წინა ხელისუფლების] დამსახურებაა".

კამათი საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტს მოჰყვა, რაზეც ჭიაბერაშვილმა მაგალითად მოიყვანა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება:

"საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩვენ რეგულარულად გვაქვს სიტუაციის გამწვავება, მაგრამ ამის გამო პარლამენტს არასოდეს არ მიუცია ბლანკეტური უფლება მთავრობისთვის, რომ ისე გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, რომ არ ჰკითხოს პარლამენტს".

ამის საპასუხოდ, დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ საოკუპაციო ზოლთან გამწვავებული მდგომარეობა ყოფილი ხელისუფლების დამსახურებაა. მან იქვე აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი "არ უყვარს".

"საოკუპაციო ზოლთან მომხდარი [ბოლო] ფაქტი ძალიან მძიმეა, მაგრამ ეპიდვითარებასთან ამას საერთო არ აქვს, საერთო აქვს თქვენს საქმიანობასთან", — ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, "ანუ იქამდე მივედით, რომ [2008 წელს] ომი საქართველომ დაიწყო?" — ხუნდაძე პასუხობს: "ეს იყო თქვენი შეცდომა. [...] თქვენ ამ პროვოკაციებს აყევით და ეს შედეგია დამდგარი: -20 პროცენტი ოკუპირებული ტერიტორია". ამაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა დიმიტრი ხუნდაძეს უპასუხა, რომ ამით რუსული პროპაგანდის ნარატივს იმეორებს.