როგორც იქნა, ნეტფლიქსმა ურბანული ფენტეზის ჟანრის ცნობილი სერიალის Lucifer მეხუთე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელსაც ერთგული გულშემატკივრები დიდხანს ელოდნენ.

მათ, ვინც გასული ოთხი სეზონი უკვე ნახა, ემახსოვრება, რომ შოუ ლუციფერის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დასრულდა, როცა ის კვლავ თავის "სახლში" — ჯოჯოხეთში დაბრუნდა.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ტრეილერიდან კი ვიგებთ, რომ ლუციფერი დედამიწაზე კვლავ "ბრუნდება"... ოღონდ ყველაფერი იმაზე რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:

როგორც ტრეილერში ვხედავთ, სერიალში ახალი გმირი მაიკლი (მიქაელი) ჩნდება, რომელიც ასევე ნილ გეიმანის ცნობილი კომიქსის სამყაროს ერთ-ერთი პერსონაჟია, რის მიხედვითაც სწორედ ეს სერიალი გადაიღეს.

მაიკლი არ მალავს, რომ მას სურს ლუციფერის ცხოვრება მთლიანად მიითვისოს.

"არ ვაპირებ, რომ ლუციფერის ცხოვრება გავანადგურო, მე უბრალოდ მინდა, რომ ის ჩემი გავხადო", — ამბობს ტრეილერში ეს ახალი პერსონაჟი.

სწორედ ამის გამო სიუჟეტური ხაზი კიდევ უფრო დაძაბული, დამაინტრიგებელი და საინტერესო ხდება, რაც მაყურებლებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს. რა თქმა უნდა, ამ სეზონშიც შევხვდებით ბევრი გულშემატკივრისთვის საინტერესო "ცხელ სცენებსაც".

ფოტო: Netflix

ლუციფერის დებიუტი 2016 წელს შედგა, სამი სეზონის შემდეგ კი მის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ, თუმცა ფანების მოთხოვნით კიდევ ორი სეზონი დაამატეს. სერიალი მეხუთე სეზონით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ნეტფლიქსმა დააანონსა, რომ შოუს მეექვსე სეზონიც ექნება, რომელიც სწორედ ამ ისტორიის ფინალური ეტაპი იქნება.

მანამდე კი ისღა დაგვრჩენია მეხუთე სეზონს დაველოდოთ, რომლის პრემიერაც 21 აგვისტოს შედგება.