ექიმები ამ დაავადებაზე საუბრისას ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რათა საფრთხის სერიოზულობა ჯერ კიდევ მაშინ დაგვანახონ, როცა კიბოს რისკის შესამცირებლად საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლაც საკმარისია. კიბოს მსოფლიო სტატისტიკით კი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია GLOBOCAN აწარმოებს, ფილტვის კიბო:

  1. ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დავადებაა მსოფლიოში - წელიწადში, საშუალოდ, 2 მლნ-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და
  2. ყველაზე ხშირად იწვევს სიკვდილს — 2018 წელს მსოფლიოში ფილტვის კიბოთი 1,72 მლნ ადამიანი გარდაიცვალა;

როგორი ციფრებია საქართველოში და რას გვთავაზობს ქართული მედიცინა?

ამის შესახებ აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოლოგი ივანე კილაძე გვესაუბრება.

ფილტვის კიბო - როგორია სტატისტიკა საქართველოში?

დავიწყოთ იმით, რომ 2015 წელს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა - შეიქმნა კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რომელშიც გროვდება მონაცემები საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ. კიბოს რეგისტრის მიხედვით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლოში, "ფილტვის კიბო", რომელიც აერთიანებს ტრაქეის, ბრონქის და ფილტვის კიბოს, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა. I და II სტადიაზე რეგისტრირებულია ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევების მხოლოდ 10%- მდე, ხოლო 60%-ზე მეტი, სამწუხაროდ, დაავადების მე-4 სტადიაზე მოდის ექიმთან. ვფიქრობ, ზედმეტია იმის გამეორება, რომ მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დაავადების დროულად გამოვლენაზე. რაც შეეხება ახალი შემთხვევების რაოდენობას, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბევრი შემთხვევა არ რეგისტრირდება სხვადასხვა მიზეზის გამო - მაგალითად, პაციენტი არ მიმართავს კლინიკას, საზღვარგარეთ მიდის სამკურნალოდ ან საერთოდ მკურნალობს ალტერნატიული მეთოდით, ვფიქრობ, საქართველოში ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევა წელიწადში არის არა სტატისტიკით ნაჩვენები 600, არამედ გაცილებით მეტი.

ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი მხოლოდ თამბაქოა?

დამტკიცებული ფაქტია, რომ ფილტვის კიბოს 90% დაკავშირებულია თამბაქოსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ 10-დან 9 პაციენტი არის მწეველი.

ხომ შეიძლება, ფილტვის კიბოთი არამწეველი ადამიანი დაავადდეს?

დიახ, შეიძლება, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 10% ან ნაკლები. ამ შემთხვევებში მიზეზია სხვადასხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს სასუნთქ გზებში ხვდება - მაგალითად, თუნდაც - სამზარეულოში ცუდი ვენტილაციისას დაგროვებული გაზის ნამწვავი, გაუმართავი მანქანების გამონაბოლქვი და ა.შ., მაგრამ ფაქტია, რომ 90% დაკავშირებულია თამბაქოსთან და ჩვენ შეგვიძლია, თამბაქოს მოხმარების შემცირებით შევამციროთ ეს პრობლემა.

ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა მეტია ვიდრე - ძუძუს, კოლორექტული და პროსტატის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ერთად აღებული! ერთ-ერთი ბოლო კვლევით, რომელმაც შეისწავლა მწეველები საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 31% რეგულარული მწეველია - ეს კატასტროფული სიტუაციაა, საგანგაშო სიგნალია. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრევენცია. ფილტვის კიბოს პრევენცია შესაძლებელია, განსხვავებით სხვა ბევრი კიბოსგან.

კონკრეტულად, რას გულისხმობს ფილტვის კიბოს პრევენცია?

პრeვენცია გულისხმობს იმას, რომ: ა) ადამიანმა დროულად უნდა აღიაროს და გაიაზროს საფრთხე; ყველა ვეთანხმებით იმას, რომ მოწევა კლავს, რომ მოწევა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ რეალურად ამას ძალიან ცოტა აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს: მე მოვწევ და მე არ დამემართება, რაც თვალის დახუჭვაა პრობლემაზე. ეს საკმაოდ აგრესიული დაავადებაა, თუმცა, ბევრჯერ გავიმეორებ, რომ მისი პრევენცია შესაძლებელია. ბ) სახელმწიფომ უნდა გაატაროს სრულფასოვანი ღონისძიებები თამბაქოს კონტროლის კუთხით. ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. თუკი ასე აქტიურად გაგრძელდება და, ამასთან ერთად, ქალაქებში ეკოლოგიური უსაფრთხოება მუდმივად ყურადღების ქვეშ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-15 წელიწადში საქართველოში ფილტვის კიბოს რისკი შემცირდება. გ) უნდა დაინერგოს სკრინინგის კულტურა. ფილტვის კიბოს სკრინინგი რისკ-ჯგუფებში - ეს სიახლეა და ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, რომელიც ამცირებს სიკვდილიანობას. ასეთი შედეგი დადო ბოლო კვლევებმა ბელგიასა და ჰოლანდიაში, ასევე ფილტვის კიბოს ამერიკულმა კვლევებმა. თუმცა, სანამ სკრინინგამდე მივალთ, აუცილებელია დაავადების პრევენცია - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ყველაზე პრევენცირებადი დაავადება, განსხვავებით სხვა ბევრი კიბოსგან. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოსახლეობის, თითქმის, მესამედს არ სჯერა, რომ ფილტვის კიბოს საფრთხის წინაშე დგას.

რა საშუალებები აქვს თოდუას კლინიკას ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის?

საქართველოში დანერგილია ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის ყველა ის საშუალება, რაც კი არსებობს თანამედროვე სამყაროში. თოდუას კლინიკაში ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კლინიკების სტანდარტი შევთავაზოთ. ჩვენს გუნდს ხელმძღვანელობს სერბი პროფესორი, ფილტვის კიბოს მსოფლიო დონის ექსპერტი ბრანისლავ იერემიჩი; ფილტვის კიბოში და კერძოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია ჩვენი კლინიკის დირექტორი გია წივწივაძე; დიაგნოსტიკაში გვყავს პროფესორი გურამ უნგიაძე, რომელმაც დანერგა საქართველოში ენდობრონქული ულტრასონოგრაფია და ლიმფური კვანძებისა და სიმსივნეების ტრანსბრონქული ბიოფსია. ეს მაღალი დონის მანიპულაციაა, რომლისთვისაც საზღვარგარეთ მიდიოდნენ პაციენტები; თოდუას კლინიკაში გვყავს პეტ-სპეციალისტების ავტორიტეტული ჯგუფი. პოზიტრონ- ემისიურ ტომოგრაფიას ანუ PET/CT-ს, რომელიც ჩვენს კლინიკაში კეთდება, ადრეულ სტადიაზე შეუძლია სიმსივნის დიაგნოსტირება. ეს არის ფილტვის კიბოში დიაგნოსტიკის სტანდარტი დასავლეთის მრავალ ქვეყანაში.

თითოეული პაციენტის მკურნალობის მეთოდზე მულტიდისციპლინარულ ჯგუფში ვმსჯელობთ კლინიკური ონკოლოგები, თორაკალური ქირურგები, რადიაციული ონკოლოგები, რადიოლოგები, პათომორფოლოგები და ა.შ.

როგორ მკურნალობენ ფილტვის კიბოს თოდუას კლინიკაში?

ფილტვის კიბოს მკურნალობაში მედიცინას ბოლო ათწლეულში ძალიან დიდი გარღვევა აქვს - ინახა მოლეკულური სამიზნეები, ანუ ტარგეტები. მოლეკულური ცვლილებების შემთხვევში პაციენტი ტაბლეტირებული თერაპიით იღებს ძალიან შედეგიან მკურნალობას, მინიმალური გვერდითი ეფექტებით. თანამედროვე ონკოლოგიაში სიახლეა იმუნოთერაპია - შეიქმნა პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტზე ზემოქმედებს - ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები ძვირია, მაგრამ არსებობს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკური კვლევები, რომლებშიც მონაწილეობენ პაციენტები იმუნოთერაპიისთვის. იმედი მაქვს, ეს საკითხი რამდენიმე წელიწადში ნელ-ნელა გამოსწორდება. ქირურგიული ჩარევა მეტწილად კეთდება I და II სტადიების დროს. ფილტვის კიბოს საწყის სტადიებზე, სამწუხაროდ, სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს. ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, ხმის ჩახლეჩა, წონის კლება ფილტვის კიბოს დამახასიათებელი სიმპტომებია. III სტადიის დროს წამყვანი მეთოდია კომბინიერებული ქიმიო-სხივური თერაპია, IV სტადიის დროს კი - სისტემური თერაპია. სამწუხაროდ საქართველოში პაციენტთა 90% ანუ 10-დან 9 პაციენტი არაოპერაბელურია ანუ შორს წასული შემთხვევა. ეს ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო მონაცემია, რომელზეც აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი გუნდის მეცნიერულ ნაშრომებში. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, თოდუას კლინიკის ერთ- ერთი მიზანია, საქართველო იყოს მნიშვნელოვანი რგოლი მსოფლიო მეცნიერებაში. ჩვენ გლობალურად ვსწავლობთ ფილტვის კიბოს ყველა ასპექტს, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული - რა გამოწვევები და რა შესაძლებლობები გვაქვს უკეთესი შედეგისთვის. ჩვენი გუნდის ერთი ნაშრომი "ფილტვის კიბო საქართველოში", ახლახან დაიბეჭდა გამოცემაში Journal of Thoracic Oncology, რომელიც იმპაქტ-ფაქტორით მსოფლიოს ნომერ პირველი გამოცემაა თორაკალურ ონკოლოგიაში. ეს ჩვენი გუნდის მეცნიერული მუშაობის პირველი დიდი აღიარებაა. ასევე, დასაბეჭად ამზადებს ჩვენს პუბლიკაციას ფილტვის კიბოს მკურნალობის მეთოდების შესახებ ამერიკული ჟურნალი; ამჟამად ვმუშაობთ კიდევ ორ თემაზე ასევე პრესტიჟული უცხოური სამეცნიერო გამოცემებისთვის. ფაქტია, რომ დღეს ფილტვის კიბო ყველაზე სერიოზული პრობლემაა ონკოლოგიაში. ეს არის დაავადება სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. მინიმალური, რაც შეიძლება კიბოს პრევენციისთვის თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთოთ, ეს არის პრობლემის აღიარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და დროულად მისვლა ექიმთან.