პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული შეზღუდვები 15 ივლისამდე მოქმედებს, მმართველი პარტია ითხოვს, რომ შეზღუდვები პირველ იანვრამდე გახანგრძლივდეს.

"წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა", — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქართულმა ოცნებამ მაისში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

აღნიშნულის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.