არავინ იცის, კონკრეტულად რატომ ან როგორ უმეგობრდებიან ადამიანები ერთმანეთს, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შესაძლებელია, რა თვისებები განიზიდავთ გარშემომყოფებს. თუ ურთიერთობების აწყობა გიჭირთ და თავს მარტოსულად გრძნობთ, საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ. მიზეზების აღმოსაფხვრელად ცოტაოდენი მონდომება გმართებთ.

1. გიყვართ ბევრი წუწუნი?

მეგობრებთან ურთიერთობისას თუ სულ წუწუნებთ და ნეგატიურ განწყობაზე ხართ, თქვენთან ურთიერთობა შეიძლება დამღლელი იყოს. რა თქმა უნდა, მეგობრობა მხარდაჭერასაც გულისხმობს, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მიაღწევდეთ, ხშირად უნდა გაიღიმოთ.

ფოტო: fizkes / Shutterstock

ადამიანებს მოსწონთ გულწრფელობა, იუმორი, თვითირონია. ეცადეთ, რომ ღია იყოთ ახალი ურთიერთობისთვის და აგრძნობინოთ სხვებს, რომ მათთან ყოფნა სიამოვნებაა და არა დისკომფორტი.

2. პირადი ურთიერთობა და მეგობრები

შეიძლება, ერთ დროს მართლაც ბევრი მეგობარი გყავდათ, მაგრამ მერე თქვენს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა. თუ ბალანსს არ დაიცავთ მეგობრობასა და სიყვარულს შორის, შეიძლება თქვენი სამეგობრო წრე უბრალოდ გაქრეს.

ფოტო: husband / Shutterstock

ნუ დაივიწყებთ მეგობრებს, რომელთაც უყვარხართ და თქვენთან ურთიერთობის ხანგრძლივი სტაჟი აქვთ. ვინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება მათი მხარდაჭერა ისევ დაგჭირდეთ, როცა გვერდზე მყოფი ადამიანი გულს გატკენთ.

3. ეგოისტი ხომ არ ხართ?

ყველაფრის მიმართ ეგოისტურმა დამოკიდებულებამ შეიძლება მეგობრების გაჩენაში ან შენარჩუნებაში ხელი შეგიშალოთ. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ, ყველაფერს ვიწრო გადმოსახედიდან აფასებთ და სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებთ, დიდი შანსია, ყველაზე მომთმენ მეგობრებსაც დაუკარგოთ თქვენთან კომუნიკაციის სურვილი.

ფოტო: Voyagerix / Shutterstock

ჯანსაღი ურთიერთობა კომპრომისებს და ერთმანეთის შეხედულებების პატივისცემას გულისხმობს. თუ ეგოიზმს გვერდზე გადადებთ, თქვენთან მეგობრობა ბევრად მეტ ადამიანს მოუნდება.

4. თავის შეწუხება გეზარებათ

მეგობარი შეყვარებულს დაშორდა? სწორი იქნება, თუ შეხვდებით და ანუგეშებთ. თუ ამ მნიშვნელოვან მომენტში სახლიდან გასვლა გეზარებათ ტვ-შოუს გამო, ესე იგი, თქვენ ცუდი მეგობარი ხართ. მუდმივად ასე მოქცევით შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.

ფოტო: Mladen Mitrinovic / Shutterstock

ადამიანებს უყვართ, როცა მათზე ზრუნავენ და პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ყურადღების გამოჩენაც მნიშვნელოვანი ჟესტია და შეიძლება ბევრს ნიშნავდეს თქვენი მეგობრისთვის.

5. გშურთ

მნიშვნელოვანია ისიც, როგორ რეაგირებთ დადებით ცვლილებებზე მეგობრების ცხოვრებაში. ადამიანები ელოდებიან, რომ მათ სიხარულს ახლობლებიც გაიზიარებენ და გული სწყდებათ, თუ პასუხად სკეპტიკურ დამოკიდებულებას აწყდებიან.

ფოტო: pathdoc / Shutterstock

თუ მეგობარმა რაიმე მნიშვნელოვანი შეიძინა, ან ახალი ურთიერთობა წამოიწყო, ერთად აღნიშნეთ ეს სასიამოვნო სიახლე. სხვის წარმატებაზე ნეგატიური რეაქცია შეიძლება თქვენში არსებულ პრობლემაზე მიუთითებდეს. როგორც კი საკუთარ თავში გაერკვევით, ბევრად ადვილი გახდება არსებული ურთიერთობების გაღრმავება, ან ახლის წამოწყება.