საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ქალებზე ძალადობის შემთხვევაში ელექტრონულ სამაჯურს ითვალისწინებს.

შსს განმარტავს, რომ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება და მსხვერპლთან ან მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში მოხდება კონტროლი.

ელექტრონული ზედამხედველობა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი ჩათვლის, რომ არსებობს ძალადობის განმეორების რისკი. იმისთვის, რომ მოძალადეს შესაბამისი ოქმი გამოუწერონ, აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს უშუალოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ან უკვე გამოწერილი ორდერის შემდეგ, მაგრამ ამ ორდერის მოქმედების პერიოდში. ანუ, ჯამში, ელექტრონული სამაჯური მოძალადეს შეიძლება ჰქონდეს მაქსიმუმ ერთი თვის ვადით. ამასთან, დასტური ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებაზე სასამართლომ უნდა გასცეს.

მოძალადის ადგილზე არყოფნისას მისთვის ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია ის სხეულზე ელექტრონული საშუალების დასამაგრებლად დაიბაროს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პოლიციას აქვს უფლება მოძალადე მოძებნოს ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას მხედველობაში იქნება მიღებული მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

შსს-ს ინფორმაციითვე, მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა და ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

გარდა ამისა, დღეს დამტკიცებული ცვლილებებით, დამცავი ორდერის ვადა, რომელსაც სასამართლო გამოსცემს, 9 თვემდე იზრდება. ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიციაც — ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.

ცვლილებები ძალაში 2020 წლის 1 სექტემბერს შედის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მათი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია ამ მიმართულებით ეტაპობრივად არაერთი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული.