ამირან გამყრელიძის განცხადებით, 9 აბიტურიენტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთად იყო საგამოცდო ოთახში, კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა გამოცდებს ისევ აბარებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ აბიტურიენტებს გამოცდამდე წინასწარ ტესტირებას უტარებენ.

"9 აბიტურიენტს მიეცა საშუალება, რომ გასულიყვნენ მეორე გამოცდაზე წინასწარი ტესტირების შემდეგ. ყველა მათგანი კარანტინშია და ორგანიზებულად ხდება ტესტირების შემდგომ მათი გამოცდაზე გასვლა, რომ არ გაუცდეთ წელიწადი", — განაცხადა გამყრელიძემ.

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.