როსკოსმოსის უფროსის ყოფილ მრჩეველსა და ყოფილ ჟურნალისტ ივან საფრონოვს სახელმწიფო ღალატში ბრალი წარუდგინეს. როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

"ბრალის წარდგენა გაუგებარია. გამოძიების ვერსიით გაუგებარია, ვინ გადაიბირა იგი, ასევე, ვის და როგორ გადასცემდა ინფორმაციას და დროის რა მონაკვეთში", — ამბობს ადვოკატი ივან პავლოვი.

ივან საფრონოვი როსკოსმოსის უფროსის, დიმიტრი როგოზინის მრჩეველი და კომერსანტის ყოფილი ჟურნალისტია. ის 7 ივლისს საკუთარ ბინაში დააკავეს. მისი მეგობრის, ასევე ჟურნალისტ ტაისია ბეკბულატოვთან ჩხრეკა ჩატარდა.

ადვოკატი პავლოვი ამბობს, რომ საფრონოვს ჩეხეთის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ. უსაფრთხოების ფედერალურ საბჭოში მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტმა დანაშაული 2017 წელს, კომერსანტში მუშაობის დროს ჩაიდინა.

ამასთან, უწყებაში ამტკიცებენ, რომ თითქოს საფრონოვი ჩეხეთის სპეცსამსახურებმა 2012 წელს გადაიბირეს. გამოძიების განცხადებით, 2017 წელს საფრონოვმა სპეცსამსახურებს აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან რუსეთის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

თვითონ საფრონოვი ამტკიცებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.