მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება პირველ რიგში ფილტვებზე მოქმედებს, კვლევები აჩვენებს, რომ ვირუსის პათოფიზიოლოგია ბევრად საშიშია.

COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების ავტოპსიური კვლევა აჩვენებს, რომ სისხლის შედედება და თრომბების წარმოქმნა მრავალ ორგანოში შეინიშნება. კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ამ მიგნებას "დრამატულს" ეძახის.

როცა ვირუსი პირველად აღმოაჩინეს, ექიმებს ეგონათ, რომ COVID-19 პნევმონიის მსგავსი სასუნთქი სისტემის დაავადება იყო, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ კორონავირუსს სისხლში თრომბების წარმოქმნა შეეძლო.

სხეულის მიერ სისხლის შენადედის დიდი რაოდენობით გამომუშავება საშიში იმიტომაა, რომ თრომბი სისხლძარღვებში ცირკულირებს და შეუძლია, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები — გული, ღვიძლი და თირკმელები დააზიანოს.

თავდაპირველად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ვირუსით განპირობებული თრომბების წარმოქმნა მხოლოდ დიდ სისხლძარღვებს შეეხებოდა, თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სისხლის შედედება პატარა სისხლძარღვებშიც შეიძლება განვითარდეს.

ავტოპსიამ ისიც აჩვენა, რომ COVID-19 ძვლის ტვინის უჯრედების, მეგაკარიოციტების სისხლში და სხვადასხვა ორგანოებში გადინებას იწვევს. მეგაკარიოციტები თრომბოციტებს წარმოქმნიან, რომლებიც სისხლის შედედაბაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.